პერსპექტივები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ავიაციის მიმართულებით, პოლიტიკური გავლენა რეგიონზე და FlyDubai-ს გეგმები ჩვენს ქვეყანაში ფრენების სიხშირის ზრდასთან დაკავშირებით.
აღნიშნული თემების შესახებ „ბიზნესპარტნიორი“ FlyDubai-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯეიჰან ეფენდის ესაუბრა, რომელიც საქართველოში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფებოდა.
- ზოგადად, როგორია ფრენების აღდგენის ტემპი და როგორია ეს მაჩვენებელი ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში?
დიდი მადლობა მოწვევისთვის... დუბაის აქვს უნიკალური ტურისტული მიმართულებები ღია საზღვრებით, პანდემიის პერიოდშიც დუბაი იყო გამონაკლისი, რომელიც ღია იყო ტურიზმისთვის. ამ პერიოდში, საქართველოში განხორციელებულმა ფრენებმა, თბილისი-დუბაის მიმართულებით, თითქმის 70%-იანი აღდგენა აჩვენა, 2021 წლის ბოლოს კი სრული დატვირთვით ვმუშაობდით. რაც შეეხება 2023 წელს, პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს 45%-ით გადააჭარბა.
- რამდენად საინტერესოა საქართველო როგორ ტურისტული ბაზარი და რა პოტენციალი აქვს საქართველოს ავიაციის მიმართულებით?
FlyDubai-ს შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, ჩვენ დავიწყეთ ფრენები 2011 წელს, როდესაც საქართველო ფაქტობრივად ტურისტული თვალსაზრისით უცნობი მიმართულება იყო. ამ დროს ყოველწლიურად საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მგზავრთა რაოდენობა 10 000 იყო. ახლა კი 3-4 ფრენას ვასრულებთ დღეში დუბაი-თბილისის მიმართულებით, ასევე გვაქვს ფრენები ბათუმი-დუბაის მიმართულებით. ვფიქრობ, მთავრობა ფოკუსირებულია ტურიზმის განვითარებაზე, დღესდღეობით, თბილისი არის უქმეებისთვის საუკეთესო მიმართულება. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ასევე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულმა გამარტივებულმა რეგულაციებმაც.
- როგორია თქვენი სამომავლო მიზნები, თუ აპირებთ ფრენების სიხშირის გაზრდას ან ფრენების დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან?
2023 წელს,2022 წელთან შედარებით თითქმის 60%-იანი ზრდა გვქონდა , ზაფხულის სეზონზე ვასრულებდით ფრენებს კვირაში 5-ჯერ თბილისის მიმართულებით, ხოლო ბათუმში 3-ჯერ. წელს ვგეგმავთ გავზარდოთ სიხშირე კონკრეტულად ბათუმში, მათ შორის ზამთრის სეზონზე, რადგან სექტემბერ-ოქტომბერში დიდი მოთხოვნა დავინახეთ.
ზოგადად, საქართველოში ფრენები არ გულისხმობს მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან მგზავრთა ნაკადს, არამედ ეს აკავშირებს საქართველოს გალფის სივრცესთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, აფრიკასთან და ავსტრალიასთან, რადგან როგორც იცით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მაჩვენებელი ყოველწლიურად 87 მილიონზე მეტია. რაც შეეხება გეგმებს, ამ ეტაპზე, განვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო ეროპორტს, სადაც ვფიქრობთ, რომ ფრენებს 2024 წლიდან დავიწყებთ.
- როგორ ხედავთ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონზე?
ტურიზმისა და ავიაციის სექტორზე პოლიტიკური მოვლენები რა თქმა უნდა მოქმედებს, თუმცა დუბაი რჩება სტაბილურ მიმართულებად და სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს. რაც ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხდება, ვგულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გავლენა აქვს მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა საქართველოს ამ შემთხვევაში ორმაგი როლის შესრულება შეუძლია, როგორც ტრანსპორტირების ჰაბს და ცენტრს, სადაც ქვეყნებს მოლაპარაკების საშუალება ექნებათ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია მიიღოს სარგებელი, იყოს ღია და ლიბერალური, ამასთან იყოს ფოკუსირებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გარემოს დაბინძურება, როგორ მუშაობს და რას აკეთებს თქვენი კომპანია ამ პრობლემის მოგვარებისთვის?
ინვესტიციები ტექნოლოგიებში - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც მუდმივად ვმუშაობთ, გვყავს ახალი თაობის ფლოტი, რომელიც 20%-ით ეკონომიურია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემოს დაცვისთვის. ავიაციის ინდუსტრიას ყოველთვის ჰქონდა გავლენა გარემოზე და ვფიქრობ ახალი ძრავები, თვითმფრინავები და ამ ყველაფერში ინვესტიციების განხორციელება, საბოლოო ჯამში, შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ადამიანებს სჭირდებათ მოგზაურობა, სიახლეების აღმოჩენა და შესაბამისად, სექტორში ამ მხრივ მუდმივად მზარდი მაჩვენებელია. სტეიკჰოლდერები უნდა დარწმუნდნენ, რომ ტექნოლოგიები და ინფრასტრუქუტრა მორგებული იქნება დიდ ნაკადებზე.
მაგალითად, ჩვენს აეროპორტში მგზავრი ყველა პროცესის გავლისას, Cheekin-დან დაწყებული ბორტზე ასვლით დამთავრებული, ყველა ეტაპზე, სკანერის საშუალებით ამცირებს ლოდინის დროს, რაც ტრანზიტისთვისაა საჭირო.