logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ჩვენს ქვეყანას პოპულარიზაციაში ბევრი ფულის ჩადება სჭირდება

ინვესტიციებთან ერთად, ტურიზმის სფეროში საჭიროა განათლების მიწოდება და კადრების გადამზადება, რათა შესაძლებელი იყოს, რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუმრის მიღება - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს.

„საქართველო, მე ვფიქრობ, უნდა იყოს ბუტიკური სერვისის ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ყველაფერი: საკმაოდ მრავალფეროვანი ბუნება, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, რომელსაც, საკმაოდ კარგად და თანმიმდევრულად ავითარებს ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ადმინისტრაცია. აღსანიშნავია მათი როლი - ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ სფეროს, საკმაოდ კვალიფიციურები და კრეატიულები არიან ამ მიმართულებით. საჭიროა, ალბათ მეტი ინვესტიცია.

ჩვენ წარვადგინეთ საინვესტიციო სახელმძღვანელო, რეკომენდაციები - რატომ უნდა ჩადოს ნებისმიერმა კომპანიამ თუ პირმა ინვესტიცია საქართველოში. ინვესტიციებთან ერთად, საჭიროა განათლების მიწოდება, კადრების გადამზადება და მომზადება, რათა შესაძლებელი იყოს რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუმრის მიღება“ - ამბობს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

კითხვაზე, თუ სად ხედავს საქართველოს მომდევნო 5-10 წელიწადში მსოფლიო ტურისტულ რუკაზე, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველოს ყოველთვის ექნება ნიშა - რომ იყოს სტუმართმოყვარე, მასპინძელი, განსაკუთრებული და უნიკალური ქვეყანა თავისი გასტრონომიით, ღვინით, ისტორიით, კულტურით, ბუნებით და ოთხი სეზონით, რომელიც ყველა ქვეყანას არ აქვს.

„საქართველო, ალბათ ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ზაფხული - ზაფხულია და შემოდგომა - შემოდგომაა. ოთხი განსხვავებული სეზონი გვაქვს, რაც ყველა ქვეყანას არ აქვს, რაც აღსანიშნავია ამ კლიმატური ცვლილებების ფონზე. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმის შანსი, რომ ვიყოთ გამორჩეულები ბევრი რამდენიმე ფაქტორით. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ის არის, რაც ტურისტს სჭირდება“ - განმარტავს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მისივე თქმით, საჭიროა პოპულარიზაცია და მეტი რესურსის ჩადება ქვეყნის რეკლამაში.

„ნებისმიერ ქვეყანას აქვს დეფიციტი და სულ იქნება საჭირო, რომ თანხა ჩადოს პოპულარიზაციაში - რეკლამას ვგულისხმობ. რაც უფრო ბევრ ფულს დახარჯავ პოპულარიზაციაში, მით უფრო მეტი ტურისტი გეყოლება. ეს მარტივი ამოცანაა. მესმის, რომ ქვეყნებს რესურსი შეზღუდული აქვთ. ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ არ დახარჯოს ბევრი ფული პოპულარიზაციაში, თუმცა, ეს საჭირო და ერთ-ერთი ის მთავარი ელემენტია, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ უფრო მეტად იყოს წარმატებული“ - ამბობს ზურაბ პოლოლიკაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში.

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებას საქართველომ პირველად უმასპინძლა. ტურიზმის მსოფლიო დღეს ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს. ღონისძიება გახსნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე მეორე ვადით 2021 წელს აირჩიეს.

გამოგვყევით