logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ტრამვაის საავტომობილო ზოლთან კვეთა არ ექნება, ამიტომ დამატებით პრობლემას არ შექმნის" - გიორგი ბაბუნაშვილი

ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ბაბუნაშვილის ინფორმაციით, თანამედროვე ტრამვაის შეუძლია, ერთი მიმართულებით საათში 20 000-მდე მგზავრი გადაიყვანოს, რაც მეტროს გამტარიანობის დაახლოებით ნახევარია.

როგორც გიორგი ბაბუნაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, თბილისში ტრამვაის საავტომობილო ზოლთან  კვეთა  არ ექნება, ამიტომ დამატებით პრობლემას არ შექმნის.

"თანამედროვე ტრამვაი ძალიან ძლიერი სატრანსპორტო რესურსია. ტრამვაის ხაზზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საავტომობილო სავალი ნაწილისგან სრულად იქნება იზოლირებული, რათა ავტომობილების საცობებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ შეაფერხოს. როგორც ტრამვაი, ისე ავტობუსი რომელიც დერეფანში იმოძრავებს, საცობში არ მოხვდება. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების შეერთების ადგილიდან დაიწყება, მირიან მეფის ქუჩას გაივლის, შემდეგ დავით აღმაშენებლის ხეივანს შეუერთდება, საიდანაც სპეციალურად ამ პროექტისთვის აშენებული ტრამვაის ესტაკადის საშუალებით გადავა, რათა საავტომობილო ნაკადის კვეთა არ მოუწიოს.

ამასთან, დაახლოებით 7 წლის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტს დღიურად საშუალოდ 200 000 ადამიანით ნაკლები მოქალაქე იყენებდა. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი", - აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.

ცნობისთვის, 16 ივლისს თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ დიდი დიღმიდან მეტროსადგურ "დიდუბესთან" დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზით სარგებლობა სამი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულმა საწარმომ ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინაპროექტი ₾288 მლნ დაჯდება.

გამოგვყევით