აუცილებელია, რომ ფოთის პორტი განვავითაროთ, არ შეიძლება მუდმივად გამკლავების რეჟიმში ვიყოთ , - ამის შესახებ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ჩხარტიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ფოთის პორტში ტვირთნაკადის მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა და მომავალში აუცილებელია ფოთის პორტის ახალი პროექტის განვითარება.
"2025 წლის პირველი 5 თვის მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია და 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთნაკადის მაჩვენებლები 13.44%-ით გაიზარდა. 2024 წლის ბოლოს სეზონურობიდან გამომდინარე, ზამთრის სეზონზე მცირეოდენი შეფერხებები არის ხოლმე და 2025 წელს ეს დაბალანსდა. სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ ნავსადგურის არხის გაღრმავებასთან დაკავშირებით, რადგან დამატებით სიმძლავრეები შეგვექმნა, გემების მოლოდინის დრო შევამცირეთ და ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები მივიღეთ. ადრეც აღვნიშნე, რომ რაც არის მთავარი და რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დერეფნის განვითარებას სჭირდება ეს არის ახალი ნავსადგურის პროექტი, რომელიც ჩვენ კვლავ აქტიურ ფაზაში გვაქვს. მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო დაასრულებს პროცესს და ამ პროექტს ერთობლივად განვახორციელებთ. აგრეთვე ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან ნაკადებს სჭირდება გამკლავება. ჩვენ დაახლოებით, 4 თვის წინ ახალი ტერიტორია შევიძინეთ და 50 000 კონტეინერით გავზარდეთ პორტის გამტარუნარიანობა. ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა ვთქვათ, რომ ფოთის ნავსადგურს შესაძლებლობა აქვს წლის განმავლობაში 600 000 კონტეინერი დაამუშაოს. ჩვენ გვაქვს 100 ჰა, რომელზედაც ჩვენი განვითარების პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ და დამატებით 5.5 ჰა არსებული ნავსადგურის მომიჯნავე ტერიტორია.
დადებითი სიგნალებია, რომ ეს კორიდორი სტაბილურიდან უკვე პერსპექტიულ კორიდორად გადაიქცეს. ახლა საუბარია, რომ ჩვენ ეს ნაკადები უნდა შევინარჩუნოთ და უნდა ვიფიქროთ გაზრდაზე. ის ტვირთი, რომელიც სანქციებიდან გამომდინარე ჩვენკენ გადმომისამართდა, მეტ-ნაკლებად შევძელით გამკლავება. გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის. დინამიკაში ხედავთ, რომ რეალურად იმაზე მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობებია, რაც არსებობს ცენტრალური აზიის ბაზარზე. ჩვენი შესაძლებლობა 550 000 კონტეინერი იყო და ჩვენ 545 000 კონტეინერზე ვიყავით უკვე მისული. 2023 წელს 592 000 კონტეინერი დავამუშავეთ. შესაბამისად, ჩვენ უკვე ზღვარზე ვართ და აუცილებელია, რომ განვავითაროთ პორტი და არ შეიძლება მუდმივად გამკლავების რეჟიმში ვიყოთ.
რაც შეეხება გემების დაყოვნების დროს, რომელიც შევამცირეთ, ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. ამ ეტაპზე 3 დღე მაინც არის თითო გემის დაყოვნება და ჩვენ გვინდა, რომ იყოს 0. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ე.წ. წინასწარი ფანჯრის პრინციპს, ანუ განრიგით ვიცოდეთ აბსოლუტურად ყველა გემის მოძრაობა და დამუშავების გრაფიკი საათობრივად გვქონდეს, რომელიც დღეს არ გვაქვს.
ფოთის პორტის ახალი შესაძლებლობები და ახალი პროექტის განხორციელება დერეფნისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილება იქნება, რომ სიმძლავრე გაიზრდება. პორტის მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 წლის ვადაში პირველ გემს მივიღებთ. თუ შევადარებთ ფოთის ნავსადგურში არსებულ პროცესებს თანამედროვე პორტებში არსებულ პროცესებს - საკმაოდ მოძველებული პროცესებია. ახლა უკვე თანამედროვე ტექნიკა გვჭირდება. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს სრული ციკლის შეცვლა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საგრძნობლად შეცვლის ოპერირების პროცედურას", - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.
რაც შეეხება ახალი, "თბილისის მშრალი პორტის" გახსნას - როგორც ზვიად ჩხარტიშვილი აღნიშნავს, ეს დადებითი სიგნალია, რადგან ერთის მხრივ ფოთში არსებული კონტეინერების ნაკადს განტვირთავს.
"მშრალი პორტის საკითხზე მუდმივად მჭიდრო კომუნიკაციაში ვიყავით, ვთანამშრომლობთ და აუცილებლად გავაგრძელებთ ამას. ჩვენი ყველას პირველი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შევმატოთ. კონკურენტი არ არის, რადგან საზღვაო ნავსადგურის გარეშე არ შეიძლება სახმელეთო ე.წ. მშრალი პორტის არსებობა. შესაბამისად, ჩვენ პარტნიორები ვართ. აღნიშნულის გარდა პარტნიორები ვართ საინტერესო ლოგისტიკურ ციკლშიც. ძირითადი ნაკადი, როდესაც ფოთის ნავსადგურიდან თბილისის, ბაქოს და ერევნის მიმართულებით მიემართებოდა უმეტეს ნაწილში ცარიელი კონტეინერი ბრუნდებოდა უკან ფოთის ნავსადგურში. დღეს ე.წ. მშრალი პორტის მეშვეობით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ფოთის პორტში სავსე კონტეინერი დაბრუნდეს. ფინანსურ მაჩვენებლებზე ეს დადებითად აისახება, რადგან ცარიელი კონტეინერის და სავსე კონტეინერის დამუშავების ტარიფები განსხვავებულია", - აცხადებს ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, „თბილისის მშრალი პორტი“, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების პირველი სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.