თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ ზონას აწყობს.აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით, შვიდი ჰექტარია, პარკის მოწყობის სამუშაოები კი 37 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. დანარჩენ ფართობს იკავებს წყლის ზედაპირი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე ეწყობა ბეტონის ბილიკები, მოედნები და განათების სისტემა. ტერიტორიაზე შეაქვთ ნოყიერი მიწის ნაზავი. უახლოეს პერიოდში დაიწყება ტბაზე პირსის მოწყობა, გაკეთდება სპორტული მოედნები და სარწყავი სისტემებიც.
სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია საჩრდილობლების, ვიდეომეთვალყურეობისა და განათების სისტემების, საბავშვო მოედნის, ცხოველების სასეირნო ზონის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების მოწყობა. ასევე, გაკეთდება ველო და საფეხმავლო ბილიკები, რომელიც შემოუვლის გზისპირა გამწვანების ზოლს და მას ერთგვარ კუნძულის ფორმას მისცემს. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და ურნები.
ტბა გაიწმინდება ლეშქაშისგან და მასზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება. ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი, დაითესება ბალახი. ასევე, მოეწყობა ტერასული გამწვანება, რომელიც ბუნებრივად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს (ფერდობს). პარკი ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
მერის მოადგილესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.