თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენა გაიხსნა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ღონისძიებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
„ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. ხარისხი არის ისეთი, როგორიც ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და 2025 წლის საერთაშორისო ტურნირს, რომელიც 9 თებერვალს იღებს სტარტს, ღირსეულად ვუმასპინძლებთ. მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს და თბილისის მერს, ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდა. როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურა იქმნება, რა თქმა უნდა, იქმნება შესაძლებლობაც, რომ აღნიშნული სპორტი კიდევ უფრო განვითარდეს, წინ წავიდეს და ხელი შეუწყოს ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ჩართვას აპირებს ან უკვე ჩართულია. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, რადგან ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გველოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ყინულის არენა ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება. შენობაში მოეწყო 60/30 მეტრის ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო.