logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ყველაფერი საფეხურებად განვითარდება, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, მკაცრი კონკურენციისთვის მოემზადოს"

"ბლექ სი გრუპის" დირექტორის, ამირან მამუჭაძის ინფორმაციით,  ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღევანდელი გადაწყვეტილება პოზიტიური და ბიზნესს სექტორზე მორგებულია, რაც  ბიზნესს საშუალებას აძლევს მკაცრი კონკურენციისთვის მოემზადოს და პროცესს უკეთ მოერგოს.

"ჩვენ "თეთრი სიით" არ ვსარგებლობთ, მის გარეშე ვმუშაობთ. ბიზნესს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჰქონდა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კმაყოფილია, რადგან გარდამავალ ეტაპზე, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში შეზღუდვები იქნება. მაგალითად, თუ დღეს "თეთრი სიით"  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 50%-ია, მომავალ წელს 60% იქნება. მოკლედ, ყველაფერი საფეხურებად განვითარდება, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, უფრო მკაცრი კონკურენციისთვის მოემზადოს. დღევანდელი განცხადება პოზიტიური იყო, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზეა მორგებული", - აცხადებს ამირან მამუჭაძე.

ცნობისთვის, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ე.წ თეთრ სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ახალი მოდელის  თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.

აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძისა და  სამშენებლო კომპანიების, ინფრტასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

შეხვედრაზე, ასევე  ყურადღება დაეთმო ფასების პოლიტიკას. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ინიციატივა,  დაინერგოს ფასწარმოქმნის ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და მის გათვალისწინებას სახელმწიფო შესყიდვებში.

ცნობისთვის, ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდანაღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.

გამოგვყევით