2024 წელს კომპანიის გაყიდვები 20-30%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კასპის საკონსერვო ქარხნის (შპს TMT) დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიას ყოველ წელს გარკვეული წინსვლა აქვს.
"ჩვენი პროდუქცია მსხვილ სუპერმარკეტებსა და საექსპორტო ბაზრებზე იყიდება. კერძოდ, დაახლოებით, 30% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენი, 70%-ი უცხოურ ბაზრებზე გადის", - აღნიშნა მან.
ოთარ მერებაშვილის ინფორმაციით, კომპანია მიმდინარე წელს ასორტიმენტს აფართოებს. კერძოდ, სავარაუდოდ, მაისიდან ბაზარზე კასპის საკონსერვო ქარხნის ნატურალური წვენები გამოჩნდება.
"აღნიშნული პროდუქტის დამატებას 2024 წელს ვგეგმავდით, თუმცა მიმდინარე წელს გადმოვიტანეთ. საწყის ეტაპზე, 4 დასახელების - ვაშლის, ალუბლის, ფორთოხლისა და ბროწეულის ნატურალური წვენი გვექნება. მომავალში კი ვაპირებთ ატამიც დავამატოთ. პროდუქცია გაიყიდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ქილები უკვე მზად გვაქვს და პროდუქცია გაყიდვაში რამდენიმე თვეში ჩაეშვება", - აცხადებს ოთარ მერებაშვილი.
შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობებს, ჯამში 40 სახეობამდე. მათ შორის, ბოსტნეულის კონსერვებს, საწებელებს, მურაბებს, ჯემებს და ა.შ.