2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო - კომპანიისთვის გაყიდვები 60%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "შოკოტელას" დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიისთვის მიმდინარე წელი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ყველაზე მნიშვნელოვანი თვე გაყიდვების კუთხით სწორედ დეკემბერია.
"მიმდინარე წელს 1 ფილიალით გავფართოვდით და სტაბილურად ვიზრდებით. 2025 წელს ძირითადად შიდა პროცესების სტანდარტიზაციაზე ვიმუშავეთ და ამას მუდმივად ვაგრძელებთ. ამჟამად, აქტიურად ვიღებთ საახალწლო შეკვეთებს და ამ პერიოდში კორპორატიული შეკვეთების წილი 70%-ს აღემატება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს უფრო მასშტაბური კორპორატიული შეკვეთები მივიღეთ.
საახალწლოდ გვაქვს, რა თქმა უნდა, ახალი კოლექცია, მათ შორის არის ნაძვის ხის ფორმის შოკოლადის ფილა და სხვადასხვა საახალწლო ფიგურები. მიუხედავად ამისა, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ისევ დუბაის შოკოლადის ფილა რჩება", - აცხადებს მარიამ კაპანაძე.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის მომხმარებლების 50% პროდუქციის შეძენას ფიზიკურ მაღაზიებში არჩევენ, ხოლო 50% ონლაინ გაყიდვების პლატფორმებს იყენებს.
ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.