logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2025 წელს გაყიდვების 30%-მდე ზრდით დავასრულებთ - "ჩირიფრუტი"

2025 წელს, გაყიდვების 30%-მდე ზრდით დავასრულებთ,  - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან"  "ჩირიფრუტის" თანადამფუძნებელმა  სოფიო ჯიქიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, წინა წელი ბიზნესისთვის საკმაოდ რთული იყო და წელს,  საახალწლო შეკვეთების მიღება აქტიურად მიმდინარეობს.

"საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. აქტიურად ვმუშაობთ. წინა წლებში ჩვენი მომხმარებლების 20% იყო კორპორატიული სეგმენტი და ამჟამად, მათი რაოდენობაც გაზრდილია, რაც სასიხარულოა. 

მიმდინარე წელს 1 სტენდი დავამატეთ თბილისში, რამაც ასევე, ხელი შეუწყო პროდუქციის გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, გაფართოების მიმართულებით, მომდევნო წელსაც აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენ ასევე, ვგეგმავდით ქსელურ მარკეტებში შესვლას, თუმცა გარკვეული ტექნიკური საკითხების გამო მიმდინარე წელს, ეს ვერ მოხერხდა. 

რაც შეეხება ექსპორტის ნაწილს - ამჟამად, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და აშშ-ში ექსპორტი, სამწუხაროდ, USAID-ის გარკვეული პროგრამების დახურვის შემდეგ შეჩერდა", - აცხადებს სოფო ჯიქია.

მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია: შოკოლადის ჩურჩხელა, ტრადიციული ჩურჩხელა და დუბაის შოკოლადი. 

ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ამჟამად კომპანიას თბილისში სავაჭრო ცენტრებში 4-მდე სტენდი აქვს და ასევე, აეროპორტის - Duty Free ზონაშია წარმოდგენილი. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს თბილისში არსებულ საწარმოში აწარმოებს.

"ჩირიფრუტი" 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა და საწარმოში 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით