logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აგრობადე" - სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე მოთხოვნა დაახლოებით, 50%-ით გაიზარდა

სეტყვის საწყინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელი ფერმერების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბაზარზე წინა წელთან შედარებით  სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე მოთხოვნა დაახლოებით, 50%-ით გაიზარდა, თუმცა  სახელმწიფოს მხრიდან 40%-ის სუბსიდირების შემთხვევაში, ეს მონაცემი კიდევ უფრო მოიმატებს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე აცხადებს,  ამჟამად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე დაფინანსება 10%-ს შეადგენს.  მისივე თქმით,  დღეს ფერმერების დიდი ნაწილი სისტემის დამონტაჟებისგან თავს სწორედ მაღალი ღირებულების გამო იკავებს.

"სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე მოთხოვნა არის, შეკვეთებიც გვაქვს, მაგრამ მთლიანად სისტემის დამონტაჟება საკმაოდ ძვირი ჯდება. ველოდებით სახელმწიფოსგან, რომ ფერმერებს ამ კუთხით დაეხმაროს. სახელმწიფოს მხრიდან სარწყავი სისტემის დაფინანსება 50%-ია, ნერგების 70%, ხოლო ბადეების 10%. 

სუბსიდირების გაზრდის შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვეზრდება შეკვეთები და შემდეგ გაფართოებაზეც ვიფიქრებთ. გვინდა, რომ დავამატოთ მზის დამცავი ბადეები. ასევე ვგეგმავთ კარტოფილისა და ხახვის ტომრების წარმოებას. ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს. ჩვენი ბადეების 1 კვადრატულის ფასი 1 ლარია, რაც ნაკლებია იმპორტირებული ბადის ღირებულებაზე. მაგალითად, თურქული ბადეები 1.30 ლარი ღირს. კონკურენციას იმპორტირებული პროდუქცია ფასის და ხარისხის კუთხით ვერ გაგვიწევს, უბრალოდ უფრო მასიურად, რომ გაიყიდოს საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეტი დაფინანსება. 

ბადეებზე გარანტიას 7-8 წელს ვაძლევთ, თუმცა 10-წლამდე ძლებს. ჩვენ დღეში 8-დან 10 000-კვადრატულამდე ბადის გამოშვება შეგვიძლია", - აცხადებს ავთანდილ მაისურაძე.

"აგრობადეს" დამფუძნებლის თქმით, კომპანიას ბადეებისთვის საჭირო ნედლეული ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს.

ცნობისთვის,  "აგრობადეს", რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა, ამჟამად, დღეში 10 000 კვ.მეტრი სეტყვის საწინააღმდეგო ბადის წარმოება შეუძლია. საწარმო ჯერ გაფართოებას და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას გეგმავს, სამომავლოდ კი - პროდუქციის ექსპორტიც განიხილება.

გადაცემები

გამოგვყევით