logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

მშენებლობის შესყიდვების გამარტივებისთვის შექმნილი აპლიკაცია - Bid-Pilot-ი ხელმისაწვდომი წლის ბოლოდან გახდება

მშენებლობის შესყიდვების პროცესის გამარტივებისთვის შექმნილი აპლიკაცია - Bid-Pilot-ი, ხელმისაწვდომი წლის ბოლოდან გახდება, - ამის შესახებ აპლიკაციის დამფუძნებელმა გიგა უმეკაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხდა.

მისივე ინფორმაციით, Bid-Pilot-ი შესყიდვების პროცესის გასამარტივებლად AI-ს (ხელოვნურ ინტელექტს) გამოიყენებს.

"მშენებლობაში შესყიდვების პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია. უძრავი ქონების დეველოპერები და გენერალური კონტრაქტორები მრავალ საათს ხარჯავენ სამშენებლო გეგმებიდან სატენდერო პაკეტების მომზადებაში, ქვეკონტრაქტორების შერჩევისა და მოწვევისთვის, კითხვა-პასუხის და დაზუსტებების სესიების მართვაში და შეთავაზებების შეფასებაზე. ეს მექანიკური პროცესები არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ მიდრეკილია შეცდომებისკენ, რაც იწვევს მნიშვნელოვან შეფერხებებს და გაზრდილ ხარჯებს. ჩვენი პლატფორმა სამშენებლო პროექტებიდან ავტომატურად დააგენერირებს სატენდერო დოკუმენტაციას, განსაზღვრავს შესაბამის ქვეკონტრაქტორებს და მართავს ტენდერის მთელ პროცესს თავიდან ბოლომდე.  ადრე  ამას კვირები, ან თუნდაც თვეები სჭირდებოდა, Bid-Pilot-ის მეშვეობით კი შეიძლება გაკეთდეს დღეებში, რაც დაუზოგავს ჩვენს მომხმარებლებს დროსა და რესურსებს”, -  აცხადებს სტარტაპის დამფუძნებელი.

გიგა უმეკაშვილის განცხადებით,  ამჟამად აპლიკაცია რამდენიმე მომხმარებელთან იტესტება.

GITA-ს საგრანტო პროგრამის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს ვგეგმავთ ყველა მსურველისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი Bid-Pilot-ი. მშენებლობის შესყიდვების მიმართ დაინტერესება არამხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ განვითარებული ქვეყნების კომპანიებშიც ძალიან მაღალია. ინტერესი როგორც შესყიდვების პროცესის გამარტივების მიმართაა მაღალი, ასევე რისკების და ადამიანური შეცდომების დაშვებების მიმართ. შემსყიდველებისთვის, ერთი მომხმარებლის ღირებულება თვეში $50 იქნება, თუმცა ერთ შემსყიდველს მინიმუმ 5 მომხმარებელი ეყოლება, ხოლო მომწოდებლებისთვის საბაზისო ვერსია ყოველთვის უფასო იქნება. ჩვენი გეგმებია, რომ პირველ რიგში სერვისები შევთავაზოთ ქართულ ბაზარს, ხოლო შემდეგ გავიდეთ რეგიონულ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი). პოტენციურად არაფერი გვაფერხებს იმისათვის, რომ გლობალურ ბაზარზეც გავიდეთ”, - აცხადებს გიგა უმეკაშვილი.

ცნობისთვის, სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

გადაცემები

გამოგვყევით