logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები ისევ გაძვირდა - COSCO SHIPPING LINES

საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები ისევ გაძვირდა. ამჟამად, 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 8000 დოლარს აჭარბებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა  გივი ჩაჩანიძემ განუცხადა, მიზეზი კვლავ წითელი ზღვის კრიზისია.

„ტარიფები გასულ თვესთან შედარებით კიდევ გაიზარდა და თუ მაისში, 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი, დაახლოებით, 7 ათასი დოლარი იყო, ახლა 8000-8500 დოლარის ფარგლებშია. საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი 2024 წლის იანვარში წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო გასამმაგდა. ჰუსიტების თავდასხმის გამო, გადამზიდავმა კომპანიებმა სუეცის არხი დროებით ჩაანაცვლეს ახალი მარშრუტით, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. დღეს, გემების დიდი ნაწილი აფრიკის კონტინენტის შემოვლით მოძრაობს, რამაც გზა დააგრძელა და ბუნებრივია, გადაზიდვების ხარჯი გაზარდა“, - განმარტა გივი ჩაჩანიძემ.

გადამზიდავ და ლოგისტიკურ კომპანიებში ამბობენ, რომ ამ მარშრუტის პირობებში, ტარიფების შემცირება შეუძლებელია და საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწევს დაბლა, თუ წითელი ზღვის კრიზისი ამოიწურება.

რაც შეეხება ზღვით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობას, გივი ჩაჩანიძე ამბობს, რომ ივნისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირე კლება ფიქსირდება, დაახლოებით, 7%-ის ფარგლებში. თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს კლება უმნიშვნელოა და საქართველოდან საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებზე მოთხოვნა მაინც სტაბილურად ნარჩუნდება.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა თითქმის 3,4 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

გამოგვყევით