logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Ak-Air Georgia: წლევანდელ სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადავუსწრებთ

წლევანდელ სანავიგაციო სეზონზე მაჩვენებლები პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს არათუ გაუტოლდება, არამედ გადაუსწრებს. ავიარეისების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე კომპანიას ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, - ამის შესახებ Ak-Air Georgia-ს ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შიდა ფრენებზე მოთხოვნა ძირითადად, ევროპელი და სამხრეთ კორეის ტურისტების მხრიდან არის.

"საქართველო, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა ყოველთვის ცნობილი იყო და ბოლო ათეული წელია ცნობადობა უფრო და უფრო  იზრდება. ტურისტული მობილობა ყოველთვის მაღალია. პანდემიამდე შიდა მობილობა გაიზარდა და უკვე ქართული ტურისტული სეგმენტი შიდა მოგზაურობაში ეჯიბრებოდა უცხოელ ვიზიტორებს. 

2022 წლიდან, პანდემიის შემდეგ ეტაპობრივად აღდგა ფრენები და 2023 წელს უკვე შიდა ავიარეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა არათუ გაუტოლდა 2019 წლის მონაცემებს, არამედ მასზე მეტი იყო. ასეთი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან დასაფასებელია. საშუალო საჰაერო ხომალდებით დაფრინავ, თუ დიდი საჰაერო ხომალდებით ოპერირების კუთხით არ არის დიდი განსხვავება. საქართველოში მოკლე დისტანციებზეა ფრენები, პატარა ქვეყანა ვართ და კომპანიებისთვის ფინანსური ტვირთი შიდა რეისებზე საკმაოდ მაღალია. გაგრძელდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში სახელმწიფოს სუბსიდირების ნაწილი გაიზრდება და ვფიქრობ, რომ ჩვენი კომპანია შეინარჩუნებს სტაბილურობას წლის ბოლომდე. 

3 დღეა, რაც დაიდო ივლისი-აგვისტო-სექტემბრის ბილეთები და მესტიის მიმართულებით უკვე 40%-მდე ბილეთი 48 საათში გაიყიდა. მოთხოვნა ძალიან დიდია უცხოური ტურისტული სექტორის მხრიდან. კერძოდ ევროპული და ამ ბოლო დროს, ძალიან დიდი რაოდენობით არიან სამხრეთ კორეელი ტურისტები. ბათუმის ფრენებზეც ყოველთვის იყო მაღალი მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში და ზამთარში ძირითადად, ბიზნესსექტორი სარგებლობს. ამბროლაურის მიმართულებაზე ისტორიულად ყოველთვის 100%-იანი დატვირთვა იყო ზაფხულის სეზონზე და ახლაც უკვე უახლოეს ავიარეისებზე დატვირთვები 100%-მდეა მისული. მესტია-ქუთაისი-მესტია სრულად "ოკუპირებულია" ევროკავშირის ტურისტული სექტორის მიერ, 99% ვეროკავშირის ქვეყნების ტურისტები არიან", - აცხადებს ირინა მღებრიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში შიდა ფრენებს AK-Air Georgia ახორციელებს. კომპანიას შიდა ფრენებზე  ხელშეკრულება  2024 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. 

გადაცემები

გამოგვყევით