logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბაღჩეულსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა გაორმაგებულია" - "იმერი"

ბაღჩეულსა და ბოსტნეულზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა გაორმაგებულია, - ამის შესახებ კომპანია "იმერის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ კიკნაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი როგორც კომპანიის ცნობადობის გაზრდა, ასევე ქვეყანაში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობაა. ნიკოლოზ კიკნაძის განცხადებით, ამჟამად განსაკუთრებული მოთხოვნა პატარა ზომის უკურკო საზამთროზეა.

"ამ ეტაპზე მოთხოვნა გაზრდილია პატარა ზომის საზამთროებზე როგორც წითელგულა, ასევე ანანასზე დამყნობილ ყვითელგულა საზამთროზე. გარდა ამისა, სეზონურად ყველაზე ბევრი კიტრი და პომიდორი იყიდება, ასევე სალათა - აისბერგი. რაც შეეხება ბაღჩეულს - აქ გამორჩეულად გაყიდვადი ქინძი და ოხრახუშია. აღსანიშნავია, რომ ზოგადად ბოსტნეულის და ბაღჩეულის გაყიდვები ყოველ წელს მზარდია", - აცხადებს ნიკოლოზ კიკნაძე. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს წარმოება სრულად ენერგოდამოუკიდებელი გახდა.

"ჩვენს საწარმოზე 225 კვტ-ის მზის ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, რა თქმა უნდა, საკმარისი იქნება საწარმოსთვის. ჩვენთვის ეკოლოგიაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ნიკოლოზ კიკნაძის განცხადებით,  "იმერმა" პროდუქციის ასორტიმენტი გაზარდა და შეფუთვაში კიდევ 6 სახეობის ბაღჩეული დაამატა. 

"ახალმა პროდუქტებმა შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. ესენია: ნიახურის ღერო, პრასი, წიწმატი, როზმარინი, ტარხუნა და მჟაუნა. ჩვენ ყოველ სეზონზე ვცდილობთ, რომ ასორტიმენტი გავზარდოთ და რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", - აცხადებს ნიკოლოზ კიკნაძე.

რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, "იმერი" აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და საქართველოში წარმოებული ბაღჩეული და ბოსტნეული უცხოურ ბაზრებზე, სავარაუდოდ, 1 წელში გავა.

ცნობისთვის, კომპანია "იმერი" ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია ამ ეტაპზე, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და ხილს აწარმოებს. კომპანია პარტნიორობს GDB აგროს მეურნეობასთან, რომელიც პროდუქციას GLOBAL GAP-ის და HACCP-ის სტანდარტების დაცვით აწარმოებს, რომელსაც ექსკლუზიურ დისტრიბუციას კომპანია „იმერი“ უწევს. "იმერის" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებსა და ონლაინ Wolt-ის და Glovo-ს საშუალებით.

გამოგვყევით