ბათუმში, რესტორანი Qvevri-ის ახალი ფილიალი Collonades by Qvevri 5 ივლისს გაიხსნება. როგორც Qvevri-ის დამფუძნებელმა ლაშა ბასლანძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ბათუმში 400 კაცზე გათვლილი ახალი სივრცე გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება.
მისივე ინფორმაციით, ეს იქნება განსხვავებული და უნიკალური კონცეფციის სივრცე ბათუმში, რომლის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 1 მლნ. ლარს შეადგენს. ლაშა ბასლანძე აცხადებს, რომ ბათუმში, ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ინტერესი და მოთხოვნა იყო.
"ბათუმი ჩემთვის, როგორც სოხუმელისთვის მონატრებულ სოხუმთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ შეირჩა ეს ლოკაცია. ახალი ფილიალი იქნება ძველ ბათუმში, ბულვარში, კოლონადებთან და სახელწოდებაც ასეთი იქნება Collonades by Qvevri. ბათუმის ფილიალი, რა თქმა უნდა, ქართული ტრადიციული თემატიკის იქნება, თუმცა თბილისის ფილიალისგან განსხვავებით, აქ უფრო მეტ ევროპულ დეტალს დავამატებთ.
ეს იქნება განსხვავებული კონცეფციის რესტორანი, სადაც სამზარეულო გახსნილი და ღია იქნება. მომხმარებლებს თავად შეეძლებათ ნახვა თუ როგორ მზადდება კერძები. პროდუქციას ჩვენ ადგილობრივი ფერმერებისგან, კერძოდ, იმერეთიდან მივიღებთ. როგორც თბილისის Qvevri-ს - ახალ ფილიალსაც შვილივით გავუფრთხილდებით და მაღალი ხარისხის ნიშას შევინარჩუნებთ. ბათუმის Qvevri მოიცავს როგორც ღია ტერასებს, ისე დახურულ დარბაზს.
გახსნის ღონისძიება გრანდიოზული იქნება და ჩვენს მომხმარებლებს დაუვიწყარ დღეს ვთავაზობთ. ბულვარში სცენა მოვაწყვეთ და ჯგუფი "ურსა" იქნება წარმოდგენილი. ასე ხმაურიანად შევდივართ ბათუმში. ჩვენთან ერთად გია აგირბა იქნება და სწორედ, მისი აჭარულებით გავუმასპინძლდებით ჩვენს სტუმრებს. აღნიშნულის გარდა, თბილისის Qvevri-სგან განსხვავებით, ბათუმის ფილიალში თევზეული უფრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი. ამასთან, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე - მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში, ბათუმში განსაკუთრებით ხშირი შემთხვევაა, როდესაც მომხმარებლები ნაბახუსევზე არიან და სწორედ მათ ჩვენს რესტორანში ერთი კარგი, გამოცდილი გოგო დახვდება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მათ „მკურნალობას“ თავის თავზე აიღებს, გამოჰკითხავს რომელი სასმელი აქვთ მიღებული და შესაბამის „მკურნალობას“ შესთავაზებს. ანუ ვცდილობთ, რომ განსხვავებულად და თეატრალური ელემენტებით შევიდეთ ბათუმის ბაზარზე“, - აცხადებს ლაშა ბასლანძე.
რესტორნის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ Qvevri-ის გამორჩეული ნიშა არის ის, რომ მომხმარებლებს რესტორანში ყოველ დღე კონცერტი და უგემრიელესი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციისგან დამზადებული კერძები დახვდებათ.
„ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ ხარისხზე. მუდმივად ვფიქრობთ, განვითარებაზე და ვცდილობთ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. საქართველოში, მესამე ფილიალი პირობა მაქვს დადებული, რომ აუცილებლად სოხუმში იქნება“, - აღნიშნა რესტორნის დამფუძნებელმა.