logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბოლო 1 წელში, თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა, ბათუმში - შემცირდა

თბილისსა და ბათუმში უძრავი ქონება გაძვირდა. ტრანზაქციები კი დედაქალაქში გაიზარდა,  ხოლო, საზღვაო კურორტზე - შემცირდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ  განუცხადა, თბილისში 2024 წელს საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41 ათასს გადააჭარბა და წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, ის 12%-ით, თითქმის 3 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.

„ტრანზაქციებში ჯამურად ზრდა ფიქსირდება მხოლოდ ერთი თვის მონაცემებშიც. გასულ თვეს, თბილისში ახალი ბინების გაყიდვები გაიზარდა, ძველების კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული. ჯამში, 2024 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 ათას ერთეულს გადააჭარბა“, - აღნიშნა ლეო ჩიქავამ.

მან ფასების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფასები გაზრდილია როგორც ძველი, ისე ახალი ბინების შემთხვევაში.

„მხოლოდ დეკემბრის თვეში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ძველ ბინებს - ცენტრში ისინი 18%-დან 23 პროცენტამდე გაძვირდა, გარეუბანში კი ფასებმა 16%-ით მოიმატა“, - განმარტა Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარიც მიმოიხილა.

„რაც შეეხება ბათუმს, აქ განსხვავებული სურათია და ამ შემთხვევაშიც დავიწყოთ ტრანზაქციებით. 2024 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15 ათას ერთეულს გადააჭარბა და წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 6%-ით, 778 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. წლიური ჭრილისგან განსხვავებით, ტრანზაქციებში მატება ფიქსირდება თვიურ ჭრილში. უშუალოდ დეკემბრის მონაცემებით, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 19%-ით, 1,426 ერთეულამდე გაიზარდა. თბილისის მსგავსად, უძრავ ქონებაზე ფასები გაზრდილია ბათუმშიც - კერძოდ, დეკემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1,114 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 0.2%-ით,  985 დოლარამდე გაიზარდა“, - აღნიშნა ლეო ჩიქავამ.

Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელს როგორც ბათუმთან, ისე თბილისთან მიმართებით პროგნოზების გაკეთება უჭირს. ის ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, რთულად სავარაუდოა როგორი წელი იქნება უძრავი ქონების ბაზრისთვის და გაიზრდება თუ არა კიდევ ფასები.

შეგახსენებთ, უძრავი ქონების ფასებს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მშენებლობის ღირებულების ინდექსიც განსაზღვრავს, რომელიც საქსტატის ბოლო მონაცემებით, 5.5 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დასაქმებულთა ხელფასის თითქმის 25 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების გაძვირებით.

გამოგვყევით