logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩაროზი" თბილისსა და ბათუმში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩაროზი“ თბილისსა და ბათუმში ბრენდულ მაღაზიას, სავარაუდოდ, მაისში გახსნის. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ელენა ჯიშიაშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, „ჩაროზის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იყიდება. მათ შორის, ნიკორწმინდაში ბრენდულ მაღაზიაში, ხოლო თბილისში, „ბაზარი ორბელიანზე“. რეალიზაცია ხდება ონლაინაც.

ბრენდული მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის, რამდენიმე ლოკაცია განიხილება. დღეის მდგომარეობით, ნიკორწმინდაში გვაქვს ბრენდული მაღაზია და ასევე, გვქონდა თბილისში, საბურთალოზე, თუმცა ლოკაციის შეცვლა გადავწყვიტეთ, რადგან პატარა სივრცე იყო. გარდა ამისა, ორბელიანზე გვაქვს სტენდი“, - აღნიშნა ელენე ჯიშიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია და კომპანიას გასულ წელთან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებელი გაუორმაგდა.

გარდა ამისა, როგორც ელენე ჯიშიაშვილი აღნიშნავს -  პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის: საბერძნეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, რუსეთსა და იაპონიაში. მისი თქმით, მოთხოვნა უფრო მეტად ევროპული ქვეყნებიდან არის.

ამ დროისთვის 9 სახეობის ნუგბარს ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქტი დიაბეტურ კატეგორიაშია, ცალკე ხაზად ვაწარმოებთ ასევე, უგლუტეინოს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩაროზი“ ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და პროდუქციას ამზადებს როგორც იმერეთში (ტყიბულში), ისე რაჭაში (ნიკორწმინდა).

გამოგვყევით