logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ფეროშენადნობების ბაზარზე 2024 წელს დაწყებული კრიზისი 2025 წელსაც გრძელდება

ფეროშენადნობების ბაზარზე 2024 წელს დაწყებული კრიზისი 2025 წელსაც გრძელდება.

"საქსტატის" მონაცემებით, ფეროშენადნობების ექსპორტიდან ქვეყანამ გასულ წელს 322 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 78%-იანი ზრდაა, თუმცა როგორც "ბიზნესპარტნიორს" ფეროშენადნობების ასოციაციაში განუცხადეს, ეს ზრდა ძირითადად ზაფხულის 2 თვეში გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ განაპირობა, შედარებით უკეთესი იყო დეკემბერიც, რადგან ამ პერიოდში შემსყიდველი კომპანიები მარაგებს იქმნიან.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორი მოლოდინის რეჟიმშია და პერსპექტივას მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასა და ამ მიმართულებით აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ტრამპის გადაწყვეტილებებში ხედავს.

ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ ბაზარზე მოქმედი 20 საწარმოდან ამ დროისთვის მხოლოდ სამი მუშაობს და ისიც არასრული დატვირთვით, აქედან 2 ფეროსილიკომანგანუმს, ერთი კი ფეროქრომს აწარმოებს.

რაც შეეხება კადრებს, კევლიშვილი ამბობს, რომ სექტორში არსებული მდგომარეობიდან გადინება შეინიშნება. "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ შეძლო და მარტამდე თანამშრომლებს ხელფასის 60%  შეუნარჩუნა", - განმარტავს კევლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 2024 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი მოქმედებს. მაშინ გადაწყვეტილების მიზეზად მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რაც უკვე ორი წელია გრძელდება. გართულებულ პირობებს თან დაერთო მადნის დეფიციტი.

გამოგვყევით