logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გლოვო" ისანში Cook Room-ის ტიპის ახალ ფილიალს ხსნის - პროექტის ღირებულება $600 000-ია

"გლოვო" ისანში Cook Room-ის ტიპის ახალ ფილიალს ხსნის - პროექტის ღირებულება $600 000-ია

1706005080

მიტანის სერვისის გლობალური კომპანია ,,გლოვო“ უახლოეს დღეებში, თბილისში  რიგით მესამე ფილიალს ისანში გახსნის. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 600 ათასი დოლარია. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნესპარტნიორთან“ ,,გლოვოს“ ბიზნესინოვაციების მენეჯერი ლუკა ხვადაგიანი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი ბათუმში გაიხსნება. ახალი პროექტების ჯამური ღირებულება $ 1.4 მილიონია.

რაც შეეხება კონცეფციას, ეს არის ე.წ. Cook Room-ი, რაც გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც Glovo-ს პარტნიორი რესტორნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალურად აღჭურვილი სამზარეულოებია გაერთიანებული.

,,მიზნად დავისახეთ ჩვენი Food Corner /Cook Room-ის მიმართულების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში, ძალიან მალე დაგვემატება ახალი ობიექტები, მათ შორის ერთი ფილიალი ისანში გაიხსნება. პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ, "გლოვოს" კურიერები ადგილზევე მიიღონ. კერძოდ,  Cook Room პარტნიორ ობიექტებს შესაძლებლობას აძლევს, მხოლოდ მიტანის სერვისზე იყვნენ ორიენტირებული ანუ მათ ექნებათ საკუთარი სივრცე, გამზადებული სამზარეულოთი,  საიდანაც შეკვეთების რეალიზაცია კურიერების საშუალებით მოახდენენ. ბათუმის ფილიალის შემთხვევაში კი  ე.წ. დახურული სამზარეულოა, სადაც პარტნიორები დელივერებისთვის შეკვეთებს ამზადებენ“, - განმარტავს ლუკა ხვადაგიანი.

მისი თქმით, ,,გლოვო“ არის პირველი კომპანია, რომელმაც მსგავსი კონცეფცია საქართველოში პირველმა დანერგა. 

ხვადაგიანის ინფორმაციით, დამატებით 70-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, საიდანაც 50-ს პარტნიორი კომპანიები, დანარჩენს უშუალოდ ,,გლოვო" დაასაქმებს.

ცნობისთვის, ,,გლოვო“ დაარსდა 2018 წელს, როგორც “გლოვოაფფ ჯორჯია”, მისი   100%-ის წილის მფლობელი კი  ესპანური კომპანია „გლოვოაფფ23“-ია. ამ დროისთვის ,,გლოვოს“ პარტნიორი ორგანიზაციების რაოდენობა  2000 -ზე მეტია, ხოლო პარტნიორი კურიერების რაოდენობა  3000-ს აჭარბებს.

მარი ჩიტაია 

გამოგვყევით