სოციალური მედიის ფუნქციები და გასტრო აღმოჩენები ერთ პლატფორმაზე - Glovo-მ, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, 2016 წლის შემდეგ, ყველაზე ტრანსფორმაციული განახლება დააანონსა.
მულტიკატეგორიულმა აპლიკაციამ, მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად, პროექტ Glovo Next-ის ღონისძიებაზე, განახლებების ისეთი ჩამონათვალი წარადგინა, როგორებიცაა: სოციალური ქსელის ფუნქციები, საყვარელი რესტორნების სიის შექმნის შესაძლებლობა და ვიდეო აღმოჩენების კედელი.
„ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიო ბაზარზე, როდესაც ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანია სცილდება დადგენილ ფორმატს და შემოაქვს სოციალური მედიის ელემენტები პლატფორმაზე. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად ინოვაციური ნაბიჯი და ძალიან ვამაყობთ ამით.
ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ არა მხოლოდ აღმოაჩინონ ჩვენს აპლიკაციაში შემოთავაზებული პროდუქტები, არამედ ისინი გაუზიარებენ ინფორმაციას ფართო აუდიტორიას. მათ შორის, მეგობრებს, ოჯახის წევრებს რეკომენდაციას მისცემენ მათი საყვარელი კერძებისა, თუ რესტორნების შესახებ, აღმოაჩენენ ახალ გემოებს და გახდებიან გურმანთა საზოგადოების ნაწილი. მაგალითისთვის, ქართული სამზარეულოს მოყვარულები შეძლებენ, აღმოაჩინონ ყველაზე პოპულარული რესტორნები და კერძები იმის მიხედვით, თუ რას უკვეთენ მათი მეგობრები, ნახონ მათ მიერ განთავსებული ფოტო და ვიდეო მასალა. ამასთან, შესაძლებელი იქნება ფავორიტი პროდუქტების სიის შექმნაც“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ საშა მიშომ - Glovo-ს დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, მულტიკატეგორულ აპლიკაციაში, სოციალური მედიის ფუნქციის დამატებით, მიტანის სერვისის მოხმარება საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. ის საქართველოზე, როგორც სწრაფად მზარდ და საინვესტიციოდ საინტერესო ბაზარზეც საუბრობს.
„6 წელია უკვე, რაც საქართველოში ვოპერირებთ. ჯამში, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია. აქ მე წელიწადში ორჯერ ჩამოვდივარ და ვხედავ, რომ იზრდება როგორც ჩვენი შემოსავლები, ისე ჩვენი პარტნიორი კომპანიების რიცხვი“, - განმარტა საშა მიშომ - Glovo-ს დამფუძნებელმა.
Glovo-ს ახალი ფუნქციები ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს პერიოდში გახდება. მანამდე, აპლიკაცია სატესტო რეჟიმში გაეშვება. თავად, პროექტ Glovo Next-ის ღონისძიება კი წელიწადში ორჯერ ჩატარდება, სადაც მომხმარებლებისთვის მულტიკატეგორულ აპლიკაციის სამომავლო განახლებები თუ დამატებები გახდება ცნობილი.