logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კარპეტერიამ" ხალიჩის წარმოების შესწავლის მსურველთათვის უფასო მასტერკლასები დაიწყო

ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი ხელშეწყობის მიზნით, "კარპეტერია", თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალ პროექტზე მუშაობს. საუბარია 1-დღიანი ხალიჩის წარმოების მასტერკლასების სერიაზე, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას, 10:00 საათიდან 18:00-მდე, "კარპეტერიას" სტუდიაში გაიმართება და 2 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე გასტანს.

თითოეულ შეხვედრაზე 4 მონაწილე მიიღებს სიღრმისეულ ცოდნას ხალიჩის წარმოების ტექნიკების, ბიზნესის წარმოებისა და საბოლოო პროდუქტის შექმნის სრული პროცესის შესახებ. პროექტის ბენეფიციარები 16-35 წლის ახალგაზრდები, საქართველოს მოქალაქეები, თბილისში მცხოვრები/ დარეგისტრირებული პირები არიან - ჯამში 30 მონაწილე. ბენეფიციარები მასტერკლასებში მონაწილეობას უსასყიდლოდ მიიღებენ. შერჩევისას უპირატესობა ექნებათ სოციალური სტატუსის მქონე პირებს.

როგორც არტ სტუდია "კარპეტერიას" დამფუძნებელი, მარიამ მარგიანი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, "ვორქშოფები" მიზნად ისახავს დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ახალი უნარების შეძენას, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ მცირე ბიზნესის დაწყებაში ან შემოქმედებითი კარიერის გაგრძელებაში. ამასთანავე პროექტი ემსახურება ახალგაზრდებში მეწარმეობის ხელშეწყობას – პროგრამა გაუზიარებს მონაწილეებს მეწარმეობის საფუძვლებს, რაც მათ მისცემს მოტივაციასა და ცოდნას რათა ამ სფეროში განავითარონ საკუთარი საქმიანობა ან შემოსავლების მიღების ახალი გზები იპოვონ.

ცნობისთვის, კარპეტერია ხალიჩებისა და ინტერიერის აქსესუარების წარმოების სტუდიაა, რომელიც უკვე სამი წელია ქმნის ხელნაკეთ პროდუქტებს. სტუდია მიზნად ისახავს ინოვაციური მეთოდებით ტრადიციული ტექნიკის გაცნობასა და გავრცელებას, რაც ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ ამ უნარებს და განავითარონ მათი შემოქმედებითი და პროფესიული შესაძლებლობები.

გამოგვყევით