logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კარტინგ ლილო" გაფართოვდა - "მოთხოვნა 20%-ით არის გაზრდილი"

კომპანიამ "კარტინგ ლილო" 20 ახალი კარტინგი დაამატა, მოთხოვნა 20%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მალხაზ მთვარელიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თვითღირებულების ფასის ზრდის გამო კარტინგის ტარიფები შეიცვალა. კერძოდ, 10 წუთი წინა სეზონზე 25 ლარი ღირდა, ხოლო ახლა  35 ლარი ღირს.

"მომხმარებლებს ახალ კარტინგებს ვთავაზობთ. აღნიშნულის ინვესტიცია დაახლოებით, 70 000 დოლარი იყო. მოთხოვნა ყოველ წელს საკმაოდ მაღალია, უბრალოდ წინა სეზონზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, ვიდრე მიწოდება. წელს ეს დავაბალანსეთ ახალი კარტინგების ჩამოყვანით, რომლებიც უფრო მძლავრი და სწრაფია. შესაბამისად, ვისაც სიჩქარე და ადრენალინი უყვარს, მათთვის იდეალურია. დატვირთულობა დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი. სამწუხაროდ, კარტინგის ტარიფის გაზრდა მოგვიწია.  გასული წლის გამოცდილებისა და საწვავის ფასების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ ფუნქციონირება გაგვეგრძელებინა მოგვიწია ღირებულების გაზრდა. ჯერჯერობით საკმაოდ მაღალი მოთხოვნა არის, თუმცა ვაკვირდებით და შემდეგ შესაძლებელია, მოხდეს ფასის დარეგულირება. აქ ვგულისხმობთ სხვადასხვა პაკეტის შექმნას, მათ შორის, საოჯახო, კორპორატიული და ამით დავარეგულირებთ ფასს", - აცხადებს მალხაზ მთვარელიშვილი.

მისივე ინფორმაციით, "კარტინგ ლილოს" მომხმარებლების ძირითადი ნაწილი - 80% ადგილობრივები არიან, ხოლო 20%  - უცხოელი ტურისტები.

რაც შეეხება კარტინგ სკოლას, რომლის გახსნას კომპანია 2024 წელს გეგმავდა - მალხაზ მთვარელიშვილის ცნობით, აღნიშნული საკითხის განხილვა საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან ერთად მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ეს პროექტი შესაძლებელია ფედერაციამ განახორციელოს. 

ცნობისთვის,"კარტინგ ლილო" 2023 წლის აპრილში გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ $40 000  შეადგინა. კომპანია ამჟამად 30 კარტინგს ფლობს, ხოლო სარბენი ტრასის ერთი წრის სიგრძე 700 მეტრს შეადგენს.

გამოგვყევით