logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კოსმოს" ქსელი გაფართოვდა - ახალი ფილიალი გორში გაიხსნა

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების საწარმომ "კოსმო" გორში  ახალი ფილიალი და ღია სახელოსნო გახსნა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ეს არის როგორც მაღაზია, ასევე ღია სახელოსნო.

მისივე ინფორმაციით, გორში მომხმარებელთა ინტერესმა კომპანიის მოლოდინს გადააჭარბა.

ღია სახელოსნოს უნიკალური კონცეფცია გავხსენით, სადაც თავად მომხმარებელს შეუძლია შეკეროს სასურველი კოსმიური აქსესუარი. ეს  შესაძლებლობა თითოეულ მსურველს საშუალებას მისცემს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს და  გახდეს შექმნის პროცესის მონაწილე. მსგავსი კონცეფციის სივრცე უკვე გვაქვს ბათუმში, ახლა კი ჩვენს მომხმარებლებს გორშიც შეუძლიათ გვესტუმრონ. გარდა ამისა, ადგილზე შესაძლებელია ლაზერული დანადგარით ინიციალების გრავირება. გახსნის ცერემონიის დროს ჩავატარეთ მასტერკლასი,რამაც  დიდი ინტერესი გამოიწვია, არ ველოდით ამდენ მომხმარებელს. დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა, ხალხის ნაკადი არ წყდება“, - აცხადებს სოფი მუხულიშვილი.

სოფი მუხულიშვილის განცხადებით,კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 50%-ით არის გაზრდილი.

მოთხოვნა ცვალებადია, ყველა სეზონზე სხვადასხვა პროდუქტია მოთხოვნადი. ვცდილობთ,  ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ, 1 კვირაში გვექნება ახალი ჩანთებისა და ქუდების კოლექცია“, - აღნიშნა სოფი მუხულიშვილმა.

კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, წლის ბოლომდე "კოსმო" გაფართოებას კიდევ გეგმავს. კერძოდ, კომპანიას 2 ფილიალის დამატება სურს. სოფი მუხულიშვილის ინფორმაციით, მათი პროდუქციისთვის ნედლეულის დიდი ნაწილი არის თურქეთიდან, თუმცა წარმოებაში გამოყენებულია სხვა ქვეყნიდან შემოტანილი მასალა და ასევე, გარკვეული პროცენტული წილი ქართულ ტყავსაც უჭირავს.

ცნობისთვის, ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „კოსმო“ 2015 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში, ვაჟა ივერიელის 24-ში, 300 არაგველის მეტროსთან მდებარეობს. „კოსმოს“ ამჟამად 8 ფილიალი აქვს - კერძოდ, 2 ფილიალი ბათუმში და 5 ფილიალი თბილისში, 1 ფილიალი გორში და 3 პარტნიორი მაღაზია ქუთაისში. პროდუქციის რეალიზება „კოსმოს“ ფილიალებში, ონლაინ (სოც. მედია პლატფორმების და საიტის www.cosmo.com.ge საშუალებით) და პარტნიორ მაღაზიებში ხდება.

გამოგვყევით