„ის, რასაც დღეს საფუძველი ჩაეყარა, კარგი იქნება მატერიალიზდეს, თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში“,- ამის შესახებ „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჩინეთი და თურქეთიც ფიქრობს პროექტების განხორციელებას, თუმცა, ეს რომ რეალიზდეს, საჭიროა ქვეყანაში სტაბილური გარემო იყოს.
„არის ინვესტორთა ჯგუფები, იქნება ეს ჩინეთი, რომლებიც ასევე აპირებენ ქვეყანაში თანხის შემოტანას. თურქეთიც ფიქრობს რაღაც პროექტების განხორციელებას, ამას სჭირდება სტაბილური გარემო. ის, რომ შეფასების პერიოდი დაიწყო, ანალიზის პერიოდი დაიწყო, პროექტების შეფასება გაკეთდება, გონიო იქნება, თუ თბილისში კონკრეტული ლოკაცია, ეს ყველაფერი კარგი მომენტია და სწორად გამოყენება უნდა“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 იანვარს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს EMAAR ჯგუფის მიერ 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.