logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა

თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა

1738313358

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დაასრულა.

უწყების ცნობით, თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს.

უმაღლესი დონის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი.

შენობაში დამონტაჟდა გაგრილების სისტემა, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს როგორც ტენიანობის დონეს, ისე მაყურებლთა  სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდა ორი ტაბლო და განათების სისტემა. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.

სპორტული კომპლექსი აღიჭურვა ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი ორი ერთეული მანქანა-დანადგარით. იატაკის სპეციალიზებული იზოლირებული საფარის საშუალებით ყინულის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებსაც (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).

ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნილოგიებით აღჭურვა  და მონტაჟი უზრუნველყო ჩეხურმა კომპანიამ.

ყინულის არენის პროექტირება-შენებლობა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველო თებერვალში თბილისში ბაკურიანსა და ბათუმში უმასპინძლებს. ახალგაზრდული ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბაკურიანში ბიატლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობაც დაასრულა.

გამოგვყევით