გაზაფხული-ზაფხულის სეზონის წინასწარი ჯავშნები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან აქტიურად შემოდის, - ამის შესახებ ბუტიკ სასტუმრო "კვირიას" მენეჯერი თამარ სამყურაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.
მისივე განმარტებით, იანვრის თვეში სასტუმროში დატვირთულობა თითქმის არ იყო, თუმცა თებერვლიდან მოთხოვნის ზრდის მოლოდინია.
"ძირითადად უცხოურ სეგმენტზე ვმუშაობთ, უფრო მეტად ევროპულ ქვეყნებზე, თუმცა ადგილობრივების მხრიდანაც საკმაოდ მზარდია მოთხოვნა. დაახლოებით, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით უკვე გვაქვს ჯავშნები ევროპული ქვეყნების ტურისტული ჯგუფებიდან და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება.
დამსვენებლებს გაზაფხულიდან ახალ ლოკაციას შევთავაზებთ, ეს არის მარანი "მათისი". შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ 2025 წლის შემოდგომა კიდევ უფრო დატვირთული იქნება. სტუმრები ღვინის დაყენების, კახური შოთის გამოცხობის, მწვადის შეწვისა და სხვადასხვა ტრადიციულ აქტივობაში ჩართვას შეძლებენ, რაც უფრო მეტად საინტერესოს გახდის ჩვენს სასტუმროს", - აცხადებს თამარ სამყურაშვილი.
რაც შეეხება განვლილ წელს - სასტუმროს მენეჯერი აღნიშნავს, რომ 2024 წელს "კვირიას" დამსვენებელთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა, სასტუმრომ გასული წელი მაინც დადებითი მაჩვენებლებით დაასრულა.
ცნობისთვის, ბუტიკ სასტუმრო "კვირია" 2021 წლის გაზაფხულზე აშშ-ში 17-წლიან ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ დაბრუნებულმა ცოლ–ქმარმა, ალექსანდრე მელაშვილმა და მაია ჭინჭარაულმა თელავში გახსნეს. სასტუმროში სულ 14 ნომერია, აქედან 12 სტანდარტული, ერთი საოჯახო და ერთი ლუქსი.