logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"იანვარში მოთხოვნა 50%-მდე შემცირდა, თუმცა წინასწარი ჯავშნები აქტიურად შემოგვდის" - NanoLand

ბაზალეთის ტბასთან მდებარე, პირველი გლემპინგ კოტეჯის - NanoLand-ის დამფუძნებლის ნანიკო კელიხაშვილის განცხადებით, იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 50%-მდე შემცირდა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ტურისტულ ობიექტს ძალიან ბევრი ჯავშანი გაუუქმდა.

"შარშან იანვარში უკეთესი მაჩვენებლები გვქონდა. რა თქმა უნდა, ქვეყანაში განვითარებული პროცესები ჩვენზეც აისახა. NanoLand-ის მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივები არიან. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა კი, დაახლოებით, 10-15%-ს შეადგენს", - აცხადებს ნანიკო კელიხაშვილი.

რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს - NanoLand-ის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ თებერვალში დატვირთულობა გაიზრდება, რადგან წინასწარი ჯავშნები ტურისტულ ობიექტს უკვე აქვს.

"თებერვლის თითქმის ნახევარი უკვე დაჯავშნილია. ცუდის მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მდგომარეობა დასტაბილურდება. ჩვენს სამომავლო გეგმებში არის 1 შედარებით დიდი მოცულობის კოტეჯის დამატება, რომელსაც შესაძლებლობის გაჩენისთანავე განვახორციელებთ", - აღნიშნა ნანიკო კელიხაშვილმა.

ცნობისთვის, NanoLand არის პირველი გლემპინგ კოტეჯი დუშეთში, რომელმაც ფუნქციონირება 2 წლის წინ დაიწყო. ამჟამად, სივრცე მოიცავს ერთ გლემპინგს, 15 კაცზე გათვლილ ფანჩატურს და ერთ კოტეჯს.

გამოგვყევით