ლუდის ადგილობრივი მოხმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და 2024 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს ლუდის ადგილობრივი მოხმარება 138 მილიონ ლიტრს შეადგენდა, რაც 13 მილიონი ლიტრით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. წლიურ მაჩვენებლებში ასევე ჩანს იმპორტირებულ ლუდზე გაზრდილი მოთხოვნა.
"მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ადგილობრივი ლუდის წარმოების მოცულობა ძირითადად უცვლელად შენარჩუნდა, ფასების ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოებული პროდუქციის ღირებულება. გაზრდილი შიდა მოთხოვნა, განსაკუთრებით იმპორტირებულ ლუდზე, იმპორტის მნიშვნელოვან ზრდასა და ექსპორტის შემცირებაში გამოიხატება,"- ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" კვლევაში.
უფრო დეტალურად, კვლევის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ლუდის ადგილობრივი წარმოება წინა წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა და 127 მლნ ლიტრი შეადგინა, საშუალო ფასი ლიტრზე კი 2.8 ლარი იყო. რაც შეეხება მოხმარებას, კვლევის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს 138 მლნ ლიტრი ლუდი დაილია, აქედან 87% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის და მხოლოდ 13% იმპორტირებულზე. 2023 წელს მოხმარება 125 მილიონი ლიტრი იყო, საიდანაც იმპორტირებულზე 10% მოდიოდა.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, იმპორტმა გასულ წელს 15.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3.8 ათასი ტონით მეტია 2023 წელთან შედარებით. ექსპორტის მაჩვენებელი კი ათასი ტონით, 6.9 ათასი ტონიდან, 5.9 ათას ტონამდე შემცირდა.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის ექსპორტში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, 2024 წელს ექსპორტის მოცულობამ, მნიშვნელოვანი, 15%-იანი შემცირება განიცადა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ისტორიულად, იმპორტირებული და ექსპორტირებული ლუდის საშუალო ფასები ერთმანეთთან საკმაოდ მიახლოებული იყო. თუმცა, 2024 წელს ექსპორტირებული ლუდის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა, ხოლო იმპორტირებული ლუდის ფასი წლიურად, 7%-ით შემცირდა.