საქართველოში პლასტმასის გადამუშავება მოთხოვნადი ხდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" რუსთავში მდებარე პლასტმასის გადამმუშავებელი ქარხანა "პოლივიმის" კომერციული მენეჯერი, ბექა ფონჯავიძე აღნიშნავს, კომპანიამ 2023-2024 წლებთან შედარებით, პლასტმასის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმ 50%-ით გაზარდა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 4 წლის მანძილზე, 1 000-ს ტონაზე მეტი, მხოლოდ მეორადი პლასტმასის ბოთლი გადაამუშავეს და ექსპორტზე გაიტანეს.
როგორც ბექა ფონჯავიძემ აღნიშნავს, გადამუშავებული მასალების 70% ექსპორტზე გადის, 30% კი, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
"მხოლოდ, 2024 წელს გადამუშავებული მასალებიდან 430 ტონა ექსპორტზე გავიდა, 400 ტონა კი, ადგილობრივმა ბაზარმა აითვისა, თუმცა აღნიშნული ციფრი მუდმივად ცვალებადია. მაგალითად, PET-ის (პოლიეთილენის ბოთლები) 100% ექსპორტზე გაგვაქვს, რადგან ის მასალაა, რასაც საქართველოში ნაკლებად მოიხმარენ. მეორე მიმართულება, პოლიეთილენი კი - 100%-ით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საქართველოში მოგეხსენებათ ტექსტილის, შესაფუთი ზონრების მწარმოებლები არ არიან. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე ვთანამშრომლობთ, ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიცაა: "ნატახტარი", "ზედაზენი", - აღნიშნავს ქარხნის კომერციული მენეჯერი.
მისივე ინფორმაციით, ნედლეულის დეფიციტიდან გამომდინარე, "პოლივირს" მისი წარმადობის 30% აქვს ათვისებული.
"გაცილებით მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. მარტივად, რომ გითხრათ ჩვენს კომპანიაში საყოფაცხოვრებო, ან სამრეწველო ნარჩენები მუშავდება. უფრო კონკრეტულად, ნარჩენები, რომელიც ქარხანასა, თუ საწარმოს თავიანთი წარმოების პროცესში რჩებათ. როგორც იცით, სხვადასხვა, ტიპის პლასტმასის ნარჩენი არსებობს, ჩვენთან, მაგალითისთვის, გამაგრილებელი სასმელების შეფუთვა მუშავდება. ამასთან, ნებისმიერი სამრეწველო ნაკეთობა, რაც პლასტმასისგანაა დამზადებული გნებავთ: კალათები, კასრები, მილები, ურნები ვიბარებთ. მოგეხსენებათ ჩამონათვალის სპექტრი ძალიან დიდია - ნებისმიერ მასალას ვამუშავებთ. გადამუშავების შედეგად, გრანულების და ფანტელების სახით, პლასტმასის მეორეული ნედლეული მიიღება.
ბოლო 4 წლის მანძილზე, 1 000-ს ტონაზე მეტი მეორადი პლასტმასის ბოთლის გადამუშავება ძალიან დიდი შედეგია - სურათის ზუსტად აღსაქმელად: 1 ცალი ნახევარ ლიტრიანი ბოთლი, დაახლოებით 25 გრამია, შესაბამისად, მოცულობა მასშტაბურია! გადამუშავებული მასალები ექსპორტზე გაგვაქვს: თურქეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, რუმინეთში, საბერძნეთში, ბულგარეთსა და ლატვიაში. 2022 წლიდან ექსპორტი გაზრდილია, თუმცა თუ რამდენი პროცენტით, ზუსტი მაჩვენებლის თქმა გამიჭირდება", - აღნიშნავს ბექა ფონჯავიძე.
"პოლივიმის" კომერციული მენეჯერი ასევე გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კომპანიას ჩაბარების პუნქტები არ აქვს.
"საერთო ჯამში, მაინც პრობლემა და გამოწვევაა, რომ ნარჩენები ჩვენამდე ვერ აღწევს. საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა, მაგრამ წინ დიდი სამუშაო გვაქვს! პრობლემაა, რომ ჩაბარების პუნქტები ქალაქში არ არის, ლოგისტიკური ჯაჭვი არ გვაქვს. ასევე, სხვადასხვა, ქალაქის მასშტაბით, ჩასაბარებელი წერტილები არ გვაქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს რუსთავში, ჩვენს ქარხანაში შეუძლია, ნარჩენების ჩაბარება. მოგეხსენებათ, ჩვენ გადამმუშავებელი კომპანია ვართ, ეს კონკრეტული მიმართულებაა და შეგროვების პრეროგატივას არ მოიცავს", - აღნიშნავს ბექა ფონჯავიძე.
"პოლივიმის" კომერციული მენეჯერის ინფორმაციით, ნაცვლად ხარჯისა, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, ბიზნესს, ან ფიზიკურ პირს, შეუძლია, რუსთავის ქარხანაში ნარჩენი მასალა ჩააბაროს და მატერიალური სარგებელი მიიღოს.
"საქართველოში პლასტმასის მწარმოებელ კომპანიებს შესაბამისი ნედლეული სჭირდებათ, აღნიშნული ნედლეული ძირითადად უცხოეთში მოიპოვება, შემდეგ კი, იმპორტის სახით შემოდის. "პოლივიმი" სამიზნე კომპანიებს საშუალებას აძლევს, ადგილობრივად საქართველოში, ეროვნულ ვალუტაში მეორეული მასალა შეიძინონ. ნედლეული, ცხადია, პირველად მასალასთან შედარებით ფინანსურად ნაკლებიც ჯდება, თან მოქნილი მიწოდების სერვისიც გვაქვს. დაბოლოს, ნარჩენებს, როდესაც ვიბარებთ ყველა მიღებულ პარტიაზე გარკვეულ თანხას ვიხდით. ეკონომიკური ეფექტი ნათელია და ვფიქრობ, კარგი შეთავაზებაა" - ამბობს ბექა ფონჯავიძე.
ამასთან, "პოლივიმის" კომერციული მენეჯერი ხაზს უსვამს, რომ "პოლივიმთან" თანამშრომლობით მძიმე ეკოლოგიური ეფექტების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
"ეკოლოგიური ეფექტი უზარმაზარია, ნარჩენისგან განთავისუფლება ხდება. ხშირად ხომ ვიცით, რომ ნარჩენები ბუნებაში იკარგება?! შესაბამისად, პლასტმასის გადამუშავება ბუნებას ნაკლებად აბინძურებს. დაბოლოს, ერთად გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ ჯაჭვი - მწვანე, ეკო მეგობრული ეკონომიკის. ვცდილობთ, რომ მუდმივად განვითარდეთ, საზოგადოების ცნობიერების დონე ამაღლდეს, ამიტომ სხვადასხვა, კამპანიებს ვაწარმოებთ ხოლმე", - ამბობს ბექა ფონჯავიძე.
ცნობისთვის, შპს პოლივიმი PET ბოთლების გადამმუშავებელი და პოლიესტერის სინთეზური ქსოვილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. ქარხანა, ქალაქ რუსთავში 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად, 40 ადამიანს ასაქმებს.