logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"მესტიის განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ კომპანიებმა დენის გადასახადის ნაწილობრივ გადახდა მაინც არ დაიწყეს"

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან და ვფიქრობ, რომ კომპანიებმა ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ნაწილობრივ მაინც უნდა დაიწყონ, თორემ მომავალში განვითარება შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს.

მისივე შეფასებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ყველა მხარის, მათ შორის, კერძო სექტორის, კომპანიებისა და მერიის ჩართულობით უნდა მოხდეს.

"ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ნარჩენების მართვა კარგად ხდება, მაგრამ გარე განათებების მიმართულებით გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ. მუნიციპალიტეტი იმ გზებზე, სადაც აუცილებლობაა, რა თქმა უნდა, განათებებს აწყობს და გადასახადებს იხდის, მაგრამ ყველგან ვერ შევდივართ. მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის და მოხმარება უზარმაზარია. ძველი ხაზებია, ამ ინფრასტრუქტურას მთლიანად გამოცვლა სჭირდება. 

ელექტროენერგიის მოხმარება აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. კანონით, ჩვენი მოსახლეობა ელექტროენერგიაში არაფერს არ იხდის და მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის აღწერა არ ხდება. ყველა უნდა ჩავერიოთ იმისთვის, რომ სვანეთი სწორად განვითარდეს. ჩვენ გახსნილი გვაქვს საუბარი ამ საკითხზე. "ენერგო პრო ჯორჯიას" პოზიცია არის ის, რომ მოსახლეობა, რომელსაც კერძო საქმიანობა არ აქვს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდოს, ხოლო ვინც კომერციულ საქმიანობას ეწევა - მათ აუცილებლად უნდა გადაიხადონ", - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.

გარდა ამისა, როგორც მესტიის მერი აღნიშნავს, ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მოხმარების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება, რაც პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან. 

"ელექტროენერგიის მაღალი მოხმარება კვლავ გამოწვევად რჩევა, თუმცა ნაწილობრივ ამოღებულ იქნა ე.წ. ბიტკოინის აპარატები და ეს საკითხი შესაბამისი პირებს მიერ კონტროლდება", - აღნიშნავს კახა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

გამოგვყევით