უწერაში RADISSON-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დასრულდა. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია სასტუმრო პირველ სტუმრებს როდის მიიღებს, თუმცა ტურისტული ობიექტის გახსნა მიმდინარე წელს იგეგმება.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ამჟამად, ტურისტულ ობიექტზე გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.
"სასტუმროს გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ინვესტორებს სურთ, რომ მიმდინარე წელს გახსნან. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ზაფხულის სეზონზე ვერ მოესწრება და უფრო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება გაზიფიცირებას - სამუშაოები, დაახლოებით, 1 თვეში დასრულდება", - აცხადებს ლევან შერაზადიშვილი.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულები იყვნენ როგორც უწერის მცხოვრებლები, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებისა თუ ქალაქების მოსახლეობა.
ცნობისთვის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დონის სასტუმროების ქსელი რაჭაში დაიწყებს ოპერირებას. კურორტი უწერა ცნობილია სასარგებლო მინერალური წყლებით, რაჭაში ყველაზე მეტი მინერალური წყალი სწორედ აღნიშნულ სოფელშია.