ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საქართველოში მაღალი ინვესტიციების განსახორციელებლად საჭიროა პროგნოზირებადი გარემო.
„საქართველო არ არის პროგნოზირებადი, სანამ ჩვენ გვაქვს ასეთი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ ქვეყანა ასეა გახლეჩილი, როცა ერთის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება მეორე მხარეთა პოზიციისგან.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე მილიონიან ინვესტიციაზე, არსებობს სასიგნალო ინვესტიციები, როდესაც ადამიანებმა თავისი კაპიტალის 1 % შეიძლება საქართველოში ჩადონ, რადგან გეოპოლიტიკურად ნამდვილად საინტერესო რეგიონია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მილიარდამდე და რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია, რომ ეს სიტუაცია გადავტეხოთ.
ამისთვის არის საჭირო პროგნოზირებადი გარემო, საჭიროა, რომ შინაგანად ლოგიკა ერთ რამეზე ავაწყოთ. ჩვენ გვაქვს ორი ლოგიკა გახლეჩილ საქართველოში. ერთია, სურვილების ლოგიკა - ეს მინდა და იქით მივდივარ, მეორე ეწინააღმდეგება ამას და ეფუძნება რეალობის ლოგიკას“, - განაცხადა რომან კაკულიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.