„მეღვინეობა ჩელთის“ ღვინოები ფილიპინების ბაზარზე, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გავა. კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისი შეფასებით, ფილიპინების ბაზრისთვის „ჩელთის მეღვინეობა“ საინტერესო იქნება, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღვინო აღნიშნულ ბაზარზე ჯერჯერობით არ არის.
„ფილიპინებში უკვე გავმართეთ პრეზენტაცია, რომელსაც ღვინის იმპორტიორები და პოტენციური მომხმარებლები დაესწრნენ. გარდა ამისა, მანილაში, მიმდინარე თვის 15-ში კიდევ გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები. ზოგადად, ფილიპინები ძალიან დიდი ბაზარია. ჯერჯერობით რაც გამოიკვეთა არის ის, რომ უფრო მეტად დაინტერესება „შალესა“ და საფერავის ღვინოებზეა“, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ექსპორტზე „ჩელთის“ პროდუქციის 70% იყიდება. გარდა ამისა, ანა მირიანაშვილი აღნიშნავს, რომ მეღვინეობამ დამატებით 13 ჰა ვენახი გააშენა, რაც დაახლოებით, 3 წელში, რა თქმა უნდა, პროდუქციის რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, კომპანია "ჩელთი" ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე "მეღვინეობა ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.
ღვინის ქარხანა წელიწადში 400 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, საიდანაც ადგილობრივ ბაზარზე, დაახლოებით 30% იყიდება.
„მეღვინეობა ჩელთის“ 21 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.