logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაჩერება იმ კრიზისული ვითარების გამოძახილია, რომელიც 2 წელზე მეტია გრძელდება - გიორგი ტატიშვილი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება გამოძახილია იმ კრიზისული ვითარებისა, რომელიც მეტალურგიულ ბაზარზე 2 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში გრძელდება, - ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქარხნის გაჩერება სამუდამო არ არის და მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდება.

"მიმდინარე წლის თებერვლიდან შემოვიდა ჭიათურის მართვის კომპანია, რომელმაც აიღო გარკვეული ვალდებულებები, რომ უნდა უზრუნველყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მანგანუმის მადნის კონცენტრატით, რომელსაც ექნებოდა მისაღები თვითღირებულება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იყო გაფიცვები, კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. შესაბამისად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ამ კონკრეტული მიმართულებიდან მადნით არ მომარაგდა. გარდა ამისა, ფასები, რომლებიც ჩვენი პროდუქციისთვის არის წარმოდგენილი ბაზარზე, არ გვაძლევს საშუალებას ხარჯების დაფარვა მოხდეს. შესაბამისად, სულ ვეძებთ გზებს როგორ შეიძლება გაიაფდეს თვითღირებულება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება წარმოებაში ელექტროენერგიის ხარჯია. ვინაიდან სეზონურობიდან გამომდინარე ელექტროენერგიის გამომუშავება ამ პერიოდში გაცილებით ნაკლებია, კომპანიას ფინანსური სახსრები არ ჰქონდა, რომ ბაზარზე შეესყიდა ელექტროენერგია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნის არ არსებობის პირობებში წარმოებასაც აზრი არ ჰქონდა. 

საკმაოდ რთული და მტკივნეული ფინანსური დაგეგმარება მოგვიწია. უამრავი ხარჯის შემცირება გვიწევს და კრიზისულ მდგომარეობას ვცდილობთ ფინანსურადაც მოვერგოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებული, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება. ერთი ფაქტორი რაც უნდა გამოსწორდეს არის ის, რომ ვარციხეში მოხდება გენერაციის ზრდა და შესაბამისად უფრო მეტი ელექტროენერგია გვექნება", - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

ცნობისთვის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს - სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.

გამოგვყევით