ქალისა და მამაკაცის თეთრეულის, ხალათებისა და საღამურების მწარმოებელი კომპანია "მირტის" თანადამფუძნებლის ია იაღანაშვილის განცხადებით, მათი მომხმარებლის 65-70% დიდი ზომის სამოსს ირჩევს.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, წარმოების დაწყების იდეა ქალის დიდი ზომის თეთრეულის შეძენის სირთულეებს უკავშირდება. მისი თქმით, შეზღუდული არჩევანი ფასის გაზრდას იწვევდა, რაც მათთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, კომპანია "მირტიმ" გადაწყვიტა შეექმნა ნებისმიერი ზომის პროდუქცია, მისაღები ღირებულებით.
"მსოფლიო მასშტაბით plus size მოდის ბაზარი სწრაფად ვითარდება, მოთხოვნა იზრდება. საქართველოში, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში დიდი ზომის სამოსზე მოთხოვნა რეალურად არსებობს, მაგრამ ბაზარი ჯერ კიდევ არასათანადოდ განვითარებულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მთავარი დიზაინერი და კომპანიის სულის ჩამდგმელი სოფია იაღანაშვილი, განსაკუთრებულ კონსულტაციას უწევს მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ წონის პრობლემა, ვერ ირგებენ სამოსს, სურთ რომ გამოიყურებოდნენ ლამაზად და ამავდროულად კომფორტულად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი კონცეპტუალური აზროვნება, უნიკალური ხელწერა და პრაქტიკული ხედვა ქმნის ბრენდს, რომელიც აღფრთოვანებულს ტოვებს მომხმარებელს", - აცხადებს ია იაღანაშვილი.
კომპანია აქტიურად ვითარდება და 2026 წელს საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმებზე გასვლას გეგმავს.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - მოთხოვნა მზარდია, პროდუქცია ონლაინ აქტიურად იყიდება, თუმცა კომპანია, სავარაუდოდ, მომდევნო წელს, ბრენდულ მაღაზიასაც გახსნის.
ცნობისთვის, კომპანია "მირტი", რომლის დამფუძნებელი სოფია იაღანაშვილია ქართულ ბაზარზე 9 თვის წინ გამოჩნდა. კომპანია ქალისა და მამაკაცის თეთრეულს, ხალათებს, პენუარებსა და საღამურებს იტალიური, პრემიუმ ხარისხის აბრეშუმის ტიპის ქსოვილისგან აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ "მირტის" პროდუქცია, ანტიალერგიული და ტემპერატურის მიმართ მდგრადი ქსოვილისგან იკერება, რომელიც ფორმას და ფერს არ კარგავს.