logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ნიკოლის" საბავშვო წინდა გაყიდვაში 1 კვირაში ჩაეშვება

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდის ნიკოლის წინდა გაყიდვაში 1 კვირაში ჩაეშვება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, პირველ ეტაპზე ბრენდი ორი სახეობის წინდას გამოუშვებს

გარდა ამისა, "ნიკოლი" ბავშვის ფეხსაცმლის კოლექციაზეც მუშაობს. ნიკა ნიკოლაიშვილის თქმით, აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან გამოჩნდება.

"წინდები იქნება როგორც ბიჭისთვის, ასევე გოგოსთვის. ერთ-ერთი მოდელი მაღალყელიანი წინდა იქნება, რომელიც განკუთვნილია სასკოლო კოლექციისთვის, ხოლო მეორე მოდელი უნისექსი იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ საკმაოდ წარმატებით შევალთ ბაზარზე.

რაც შეეხება ფეხსაცმლის კოლექციას - ამჟამად ნიმუშის მზადების პროცესში ვართ. 1 კვირაში უკვე მზად იქნება და სერიულ წარმოებაში წლის ბოლოს, ან 2024 წლის გაზაფხულზე ჩაეშვება. აღნიშნული ფეხსაცმელი იქნება უნისექსი და რა თქმა უნდა, "ნიკოლის" ბრენდის სახელით, საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ჩვენ ხარისხზე ვამახვილებთ ყურადღებას  და გვაქვს მოლოდინი, რომ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნა იქნება. პროექტის ბიუჯეტი 25 000 ლარამდეა", - აცხადებს ნიკა ნიკოლაიშვილი. 

დამფუძნებლის ცნობით, "ნიკოლის" კონცეფცია გაყიდვების წერტილების მუდმივ ზრდას გულისხმობს, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე ახალი პროდუქტების დამატებაზეა ორიენტირებული.

ცნობისთვის, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ამჟამად, 4 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 3 - თბილისში, 1 - ბათუმში. „ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთში, კანადაში, ლიბანში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ქუვეითში გადის.

გამოგვყევით