logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ორბი ჯგუფი" ბახმაროში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს

"ორბი ჯგუფი" ბახმაროში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებამდე კომპანია აღნიშნული პროექტის გარშემო არსებული კითხვების საბოლოოდ ამოწურვის მიზნით, დაინტერესებულ პირებთან შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს. 

"ჩვენ დავიწყეთ მოცემულ შემთხვევაში ამ პროექტის რეალიზება, მაგრამ საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული კითხვები, რომელმაც სხვადასხვა შემთხვევაში საბოლოო ჯამში გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. კომპანიამ გაითვალისწინა ეს მომენტები, მზაობა გამოთქვა დიალოგისთვის. ამიტომ კონკრეტულ სიტუაციაში, გარემო-პირობებიც არ უწყობდა ხელს მშენებლობის დაწყებას და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ პროექტის განხორციელება. გაყიდვების თემა პროცესშია. მშენებლობის ნებართვა გაცემულია, ამიტომ კომპანიას არ აქვს შეზღუდვა, რომ გაყიდვების პროცესი განახორციელოს", - აცხადებს ირაკლი კვერღელიძე.

მანვე აღნიშნა, რომ კომპლექსის მშენებლობის დასრულების ვადა კომპანიას 2027 წლის 31 დეკემბერამდე აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ უფრო ადრე დასრულდება.

ირაკლი კვერღელიძის ცნობით, კომპანია ბახმაროში კომპლექსის მშენებლობაზე 100 მლნ. ლარზე მეტს დახარჯავს.

ცნობისთვის, "ორბი ჯგუფი ბახმაროსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის, 2020 წლის 22  იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით, საპრივატიზაციო პირობის შესრულების ვადად არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული,  ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირება 2028 წლის 19 ივნისამდე უნდა დაიწყოს. ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სასტუმროს ნომრების რაოდენობა არანაკლებ 120-ით  არის განსაზღვრული.

განკარგულების მიხედვით, აღნიშნულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს.  ამავე განკარგულებით,  "ორბი ჯგუფმა"  ბახმაროს პროექტში ცვლილებებისთვის 284 936 ლარი უნდა გადაიხადოს. 

შეგახსენებთ, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება იგეგმება. განაშენიანების დეტალური გეგმა საქართველოს  სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა. პროექტი, სხვადასხვა ასპექტთან ერთად, სამკურნალო ფუნქციასაც მოიცავს.

გადაცემები

გამოგვყევით