საქართველოში ქალაქების ურბანული განვითარება მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.
საკითხზე თბილისში გამართულ სამშენებლო ფორუმზე იმსჯელეს, სადაც იმ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში თანამედროვე ურბანული დაგეგმარების კუთხით არსებობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა ლიკა ქარდავამ განუცხადა, მწვანე, მდგრადი და მედეგი მშენებლობის, ასევე ურბანისტიკის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ცოდნის გაზიარება - ეს იყო ის მთავარი მიზნები, რის გამოც თბილისში ,,მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების ურბანული ფორუმი“ ჩატარდა.
„ღონისძიება პოლონური მხარის აქტიური ჩართულობით გაიმართა და მასში სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობა სწორედ პოლონური და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. მათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და B2B შეხვედრებიც გამართეს. ფორუმის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ პოლონური კომპანიები დაინტერესებული არიან, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებით, რომლებსაც სწორედ მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების დახმარებით განახორციელებენ. ამ საკითხზე ისინი მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ ქართულ მხარესთან“, - აღნიშნა ლიკა ქარდავამ.
მისივე თქმით, მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიები ურბანული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დადებითად აისახება სამშენებლო - უძრავი ქონების სექტორის მდგრად განვითარებაზე და განაპირობებს ნაკლებ CO2 ემისიებს გარემოში.
„ამ ნაწილში პოლონეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, გასულ წელს მან ევროკავშირის ქვეყნებს შორის CO2 ემისიებს ყველაზე მეტი კლება აჩვენა. ამიტომ, პოლონეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ევროპული სტანდარტების ქვეყნისთვის, რომელიც კანონმდებლობით უკვე ითვალისწინებს მწვანე მშენებლობის რიგ საკითხებს“, - განმარტა Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა.
ამავე ფორუმზე ისაუბრეს იმ მიღწევებზეც, რაც საქართველოში ურბანულ ნაწილში მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით არსებობს. აღინიშნა, რომ ზაფხულში ქვეყანაში დანერგილ იქნა და უკვე ამოქმედდა ენერგოეფექტურობის ახალი რეგულაცია, რომლითაც კომპანიებმა უნდა იხელმძღვანელონ მშენებლობის პროცესში. ფორუმის ორგანიზატორების თქმით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ მოქნილია და კერძო სექტორი სიახლეებზე მალევე ადაპტირდება. გარდა ამისა, ქვეყანაში მიმდინარეობს სივრიცითი მოწყობის გეგმის შემუშავებაც, რომელიც გავრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება ნებისმიერი მუნიციპალიტეტისთვის და ქალაქისთვის, თუ როგორ უნდა დანერგონ ახალი ტექნოლოგიები ურბანულ განვითარებაში.
თუმცა, მიუხედავად არსებული მიღწევებისა, დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რაც შესაბამისი, კვალიფიციური კადრების, ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტს უკავშირდება.
,,მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების ურბანული ფორუმის“ ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოში გაგრძელდება და ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიების პოლონური გამოცდილების გაზიარებას ბიზნესსექტორის კიდევ უფრო მეტი წარმომადგენელი შეძლებს.
სამშენებლო ფორუმი პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოს, ასევე საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.