კაკლის გადამმუშავებელი საწარმო "ანიგოზის" თანადამფუძნებლის ანა ქევხიშვილის განცხადებით, ქართული ნიგვზის ფასი საერთაშორისო ბაზრის ფასს უფრო და უფრო უახლოვდება.
მისი განცხადებით, ქართული ნიგოზი საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხია. როგორც ანა ქევხიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ჯერჯერობით ნიგვზის ფასი ცნობილი არ არის, რადგან მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებს მოსავლის აღება ჯერ არ დაუწყიათ.
"გასულ წელს ქართული ნიგვზის ექსპორტი არაერთ ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა წელს იმედი გვაქვს, რომ უფრო მნიშვნელოვან რაოდენობებს გავიტანთ. ქართულ ბაზარზე, წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება ადგილობრივი წარმოებით იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება. ამჟამად იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობით ჩინეთი, უკრაინა და უზბეკეთი ლიდერობს, თუმცა იმპორტის მოცულობა უმნიშვნელოდ იზრდება. ეს იმას მიანიშნებს, რომ ადგილობრივი წარმოება მზარდ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ვფიქრობთ, რომ წელს იმპორტი თუ იგივე ნიშნულზე შენარჩუნდა, ან კლება შევამჩნიეთ, ეს დადებითი ტენდენციის მომასწავებელი იქნება, რადგან ადრე არ არსებობდა იმპორტირებული პროდუქციის ალტერნატივა ქართულ ბაზარზე. ახლა ბაზარზე არის ორი ალტერნატივა: იმპორტირებული - ბიუჯეტური და დაბალხარისხიანი, ასევე ქართული ნიგოზი - მაღალხარისხიანი და შედარებით მაღალი ღირებულების", - აცხადებს ანა ქევხიშვილი.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს როგორც მაღალი ხარისხის ნიგვზის მწარმოებელ ქვეყნად არ იცნობენ და შესაბამისად, ცნობადობის გაზრდას გარკვეული დრო დასჭირდება.
"საქართველოს იცნობენ როგორც თხილის მწარმოებელ ქვეყანას, მაგრამ არავინ არ იცის, რომ საქართველო არის კარგი ხარისხის ნიგვზის მწარმოებელიც. ყოველთვის რთულია ახალი მწარმოებელი ქვეყანა შევიდეს უკვე აწყობილ ბაზარზე, თუმცა ყველამ ასე გაიკვალა გზა და ეს გზა ჩვენც უნდა გავიაროთ", - აღნიშნა ანა ქევხიშვილმა.
კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ სოფელ მარტყოფში პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2021 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ამოქმედდა. პროექტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ამჟამად, ორი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ფერმერებისგან იბარებს როგორც სველ მდგომარეობაში, ახალ დაკრეფილ კაკალს, ასევე მშრალ კაკალს მეორადი გადამუშავებისთვის.