ნაყინის რძის ფხვნილით წარმოებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. მათ შორის, ეს გვაძლევს საშუალებას მთელი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ პროდუქტის ერთგვაროვანი გემო და ტექსტურა. ასევე, ფხვნილი უკეთ კონტროლდება ბაქტერიული რისკებისგან და უსაფრთხოდ ინახება. გარდა ამისა, აღნიშნული პროდუქტი ტრანსპორტირებისა და შენახვის კუთხით გაცილებით პრაქტიკულია, რაც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე დადებითად აისახება, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანიის The Cone Culture Ice Cream-ის მენეჯერმა ქეთი მიქაშავიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიას ნაყინის საწარმოებლად რძის ფხვნილი ევროპიდან - კერძოდ, ბელორუსიიდან შემოაქვს.
"The Cone Culture-ში ნაყინის ძირითადი ნაწილი არის სრულად ვეგანური - ე.წ. სორბეტის ტიპის ნაყინები, რომლებიც მზადდება მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით: ხილით, კენკრით ან ზოგჯერ ბოსტნეულითაც კი. ამ პროცესში არ ვიყენებთ რძეს, ნაღებს, კვერცხს ან ცხოველურ წარმომავლობის ინგრედიენტებს, რაც ჩვენს პროდუქციას განსაკუთრებულად მსუბუქსა და სუფთად აქცევს.
რაც შეეხება რძიან ნაყინებს - ამ შემთხვევებში ვიყენებთ რძის ფხვნილს, ძირითადად ბელორუსიის წარმოების და ევროპული წარმოების ნაღებს. რძის ფხვნილი საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ სტაბილური ხარისხი და ტექსტურა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ნაღები აძლიერებს ნაყინის კრემოვანობას და სიღრმისეულ გემოს.
ჩვენთვის უმთავრესია, რომ ყოველი გემო იყოს ბუნებრივი, დაბალანსებული და მაქსიმალურად ახლოს იმასთან, რასაც „ნამდვილი ნაყინი“ უნდა ნიშნავდეს - იქნება ეს ვეგანური თუ რძიანი.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ხარისხი და ნატურალურობა - ამიტომ, სხვა ინგრედიენტებთან ერთად, ვიყენებთ ადგილობრივ სეზონურ ხილს, ჩვენს გაკეთებულ ვანილის ექსტრაქტებს და სხვადასხვა თხილის პასტებს. ასევე, ცნობილია ჩვენი მომზადებული ვაფლის ჭიქები, რომლის სამი სხვადასხვა გემო გვაქვს - კლასიკური, დარიჩინის და შოკოლადის”, - აცხადებს ქეთი მიქაშავიძე.
ცნობისთვის, The cone culture ice cream ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 5 წლიანი წარმოების ისტორია აქვს. კომპანია მომხმარებელს ნაყინის ფართო ასორტიმენტსა და ორცხობილებს სთავაზობს - კერძოდ, 300-მდე გემოს ნაყინს. კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალი აქვს: შევჩენკოსა და ვეკუას ქუჩებზე.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. ცოტა ხნის წინ კი, სააგენტომ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათის“ რძის ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა.