logo
Loading data...

რესტორანი "შნო" - EURO 2024-ის დღევანდელი თამაშისთვის სივრცის 70% უკვე დაჯავშნილია

რესტორანი "შნო" - EURO 2024-ის დღევანდელი თამაშისთვის სივრცის 70% უკვე დაჯავშნილია

1718373600

რესტორანი "შნო"  ევროპის  საფეხბურთო ჩემპიონატს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.

რესტორნის თანადამფუძნებელი ზურაბ მელიქიძე ''ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს,რომ ობიექტი ფეხბურთის ქომაგებს განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს. ამ მიზნით  "შნოს" მენეჯმენტმა  სივრცე გააფართოვა და ადგილები დაამატა.

ზურაბ მელიქიძის განცხადებით, განახლებული რესტორანი  ერთდროულად 250-მდე მომხმარებელს უმასპინძლებს. აქამდე მაქსიმალური დატვირთვა 170-ს შეადგენდა.  

რესტორნის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ დღევანდელი თამაშის საყურებლად, სივრცის 70% უკვე დაჯავშნილია, რაც შეეხება 18 ივნისის თამაშს, ამ შემთხვევაში მაგიდების 50%-ზე ჯავშნები უკვე გაკეთებულია.  "აქვე აღსანიშნავია ერთი მნიშნელოვანი ფაქტი, ჯავშნების გაკეთება ძირითად შემთხვევაში, ბოლო 2 დღეში ხდება ხოლმე. შესაბამისად, 18 ივნისის თამაშისთვის ალბათ სივრცე სრულად დატვირთული იქნება,"-აცხადებს მელიქიძე.

"შნოს" თანადამფუნებელი მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 1 თვიან პერიოდში რესტორანი, ჩვეულებრივ პერიოდთან შედარებით,  მინიმუმ 35%-იან მოგებაზე უნდა გავიდეს.  "ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ფეხბურთის ყურებისას  მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს,  კომფორტული გარემო შევუქმნათ და კარგი კერძებით და ლუდით გავუმასპინძლდეთ. დავამატეთ რამდენიმე ახალი საავტორო კერძი,კოქტეილი, მოკლედ მენიუ გავამრავალფეროვნეთ,"-აცხადებს მელიქიძე. 

მისივე ინფორმაციით, ჯავშნების დაახლოებით 10%-15% უცხოელი ტურისტებისაა. მათი უმრავლესობა ძირითადად, ევროპელია.

ცნობისთვის, რესტორანი "შნო"  კრაფტ ლუდი ''შნოს"  ბაზაზე შეიქმნა. კომპანია ბაზარზე 2022 წლიდანაა. ამ ეტაპზე ‘’შნო“  4 დასახელების ლუდს აწარმოებს: ''შნო", ''ლაშარი'', ''თეთრი არაგვი''  და შავი არაგვი".

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დღეს იწყება.  გახსნის მატჩზე ერთმანეთს გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებები შეხვდებიან. რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული  ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით