logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.

ამ დროისათვის, პროექტის მეორე მონაკვეთზე 4 გვირაბიდან უკვე გაჭრილია ყველაზე გრძელი - 1.5 კმ სიგრძის გვირაბი. გაჭრილია მე-3 გვირაბიც, დანარჩენებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები გრძელდება ხუთივე ხიდზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის პირველ მონაკვეთზე კი 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბის გაჭრა დასრულებულია. ახალი, 9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.

ახალი გზის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და ექნებათ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე. ახალ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. თბილისიდან გუდაურამდე გადაადგილების დრო 2 საათის ნაცვლად, 1 საათი და 30 წუთი გახდება. თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 საათისა და 30 წუთის  ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.  პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება.

გადაცემები

გამოგვყევით