logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორს შემოსავლები გაეზარდა - როგორია ბაზრის სტრუქტურა

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორს შემოსავლები გაეზარდა - როგორია ბაზრის სტრუქტურა

1719501540

საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალები მზარდია. 

გალთ ენდ თაგგარტის მონაცემებით, 2018-23 წლებში სექტორს შემოსავლები საშუალოდ 12%-ზე მეტად გაეზარდა და 2023 წელს 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სექტორის ბრუნვის ორი მესამედი იმპორტირებული საქონელია, ადგილობრივი წარმოების წილი კი მცირეა.

საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, იმპორტზე დამოკიდებულება შედარებით მცირეა სამშენებლო მასალების სექტორში, სარემონტო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის სექტორებში კი მაღალი. 

კვლევაში ნათქვამია, რომ სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა 2020-23 წლებში, რაც პანდემიის შემდეგ მშენებლობის სექტორის სწრაფი აღდგენით და ფასების ზრდით იყო განპირობებული. 

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი ადგილობრივად იწარმოება:
მაგალითად, 2023 წელს ცემენტის მოხმარება ძირითადად ადგილობრივი წარმოებით (მოხმარების 93.1%) დაკმაყოფილდა.

ცემენტის ფასებმა სწრაფად დაიწყო ზრდა 2022 წლის შემდგომ, რისი მიზეზიც კლინკერისა და ქვანახშირის ფასის ზრდა იყო;
ბეტონის წარმოება რეკორდულ 4.3 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რასაც გალთ ენდ თაგარტი ინფრასტრუქტურული პროექტებით და გაზრდილი სამშენებლო აქტივობით ხსნის;
არმატურის მოხმარებამ 558 მლნ კილოგრამს მიაღწია, როგორც კვლევაშია ნათქვამი, არმატურის ადგილობრივი წარმოება წლიურად 14.5%-ით შემცირდა, შესაბამისად, მოთხოვნა იმპორტით დაკომპენსირდა 2023 წელს. სწორედ დაბალი ფასის გამო რუსეთიდან და ირანიდან არმატურის იმპორტი 2021-23 წლებში გაორმაგდა.

რაც შეეხება სარემონტო მასალების სექტორს, შემოსავალი საშუალოდ 13.6%-ით გაიზარდა 2017-23 წლებში და $2.4 მილიარდს მიაღწია. კვლევაში ნათქვამია, რომ სარემონტო მასალების იმპორტი, ადგილობრივ წარმოებაზე უფრო მეტად იზრდება. ადგილობრივი წარმოება კი ყველაზე დიდი პლასტმასის პროდუქტებშია, თუმცა ხის და მეტალის პროდუქტები და კაბელების წარმოებაც საშუალოდ ორნიშნა ზრდის ტემპით იზრდება. 

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორის შემოსავალი საშუალოდ 8.2%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში და $0.5 მილიარდს მიაღწია 2023 წელს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორი თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. 

კვლევაში ნათქვამია, რომ ავეჯის სექტორი დივერსიფიცირებულია და ბაზარზე  ბევრი მცირე ინდივიდუალური მწარმოებელია. ავეჯის ბაზარზე დიდია არაფორმალური ეკონომიკის წილი და ადგილობრივი წარმოების რეალური მაჩვენებლები შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
"სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მოთხოვნას განაპირობებს სამშენებლო სექტორის აქტივობა. მოსალოდნელია, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მზარდი მოთხოვნა შენარჩუნდება, რადგან მთავრობის ინფრასტრუქტურული დანახარჯები მაღალ დონეზე შენარჩუნდება, მშენებლობაზე 2023 წელს გაცემული რეკორდული ნებართვები მომდევნო წლებში გამოიწვევს მაღალ სამშენებლო აქტივობას, ახალაშენებული ბინების მაღალი გაყიდვები კი ხელს შეუწყობს მოთხოვნის შენარჩუნებას სარემონტო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკაზე", - ნათქვამია კვლევაში.
 

გადაცემები

გამოგვყევით