logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"არაფერი შემცირებულა, კომპანია ბახმაროში 350-ნომრიანი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს" - "ორბი ჯგუფი"

არაფერი შემცირებულა, კომპანია 350-ნომრიანი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" "ორბი ჯგუფის" დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის განკარგულებას ბახმაროში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტში შეტანილ ცვლილებებს.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ მთავრობას მხოლოდ საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევასთან დაკკავშირებით მიმართა.

"ვადის გადაწევა განპირობებული იყო იმით, რომ პრაქტიკულად პანდემიის პერიოდი, რომელიც მოხდა ამ სიტუაციაში, გათვალისწინებულიყო ვადების გადაანგარიშებისას. არაფერი შემცირებულა. თავის დროზე, როდესაც პირდაპირი მიყიდვის კონტრაქტი იყო არანაკლებ 120 ნომერი იყო მითითებული  და კომპანია არანაკლებ 120 ნომრის ფარგლებში ახორციელებს 350 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას. კონტრაქტში ადრეც არანაკლებ 120 ნომერი იყო მითითებული და დღესაც, იმავე საინვესტიციო თანხის ფარგლებში რაც იყო თავდაპირველად. ვადების გარდა არაფერი შეცვლილა კონტრაქტში. ვადა იწურებოდა ივნისის თვეში. შესაბამისად, ჩვენ ვადის ამოწურვამდე მივმართეთ, ჩავაბარეთ ანგარიში რა იყო გაკეთებული ამ ეტაპამდე", - აცხადებს კვერღელიძე.

ირაკლი კვერღელიძის ცნობით, კომპანია ბახმაროში კომპლექსის მშენებლობაზე 100 მლნ. ლარზე მეტს დახარჯავს.

ცნობისთვის, "ორბი ჯგუფი ბახმაროსა“  და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის, 2020 წლის 22  იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით, საპრივატიზაციო პირობის შესრულების ვადად არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული,  ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირება 2028 წლის 19 ივნისამდე უნდა დაიწყოს. ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სასტუმროს ნომრების რაოდენობა არანაკლებ 120-ით  არის განსაზღვრული.

განკარგულების მიხედვით, აღნიშნულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს.  ამავე განკარგულებით,  "ორბი ჯგუფმა"  ბახმაროს პროექტში ცვლილებებისთვის 284 936 ლარი უნდა გადაიხადოს. 

შეგახსენებთ, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება იგეგმება. განაშენიანების დეტალური გეგმა საქართველოს  სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა. პროექტი, სხვადასხვა ასპექტთან ერთად, სამკურნალო ფუნქციასაც მოიცავს.

გადაცემები

გამოგვყევით