logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

შავი ზღვის სანაპირო ზოლი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზად არის - თინათინ ზოიძე

შავი ზღვის სანაპირო ზოლი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზად არის, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისი თქმით, განახლდა ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვანია ვიზიტორთა კომფორტულად გადაადგილებისთვის და მასპინძლობისთვის.

"აჭარაში ვიზიტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის ძალიან დადებითი მოლოდინები გვაქვს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის სტატისტიკა, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. მიმდინარე წლის სტატისტიკის მიხედვით, ჩვენ მატება გვაქვს დაახლოებით, 11%-ით წინა წელთან შედარებით და 34%-ით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია სამიზნე ბაზრებზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მზარდია ფრენები და ასევე, ძალიან დიდ როლს ასრულებს ქუთაისის აეროპორტში ევროპული მიმართულებებიდან ფრენები. გაზრდილი სტატისტიკა გვაქვს ისრაელიდან, ასევე გერმანიიდან და ბალტიის ქვეყნებიდან", - აცხადებს თინათინ ზოიძე.

რაც შეეხება მთიან აჭარას - აქ უკვე არსებობს 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მიმართულება, სადაც მონიშნულია როგორც საოჯახო ტიპის სასტუმრო-სახლები, ასევე მაღალი კლასის სასტუმროები და ტურისტული ობიექტები.

"ყოველწლიურად 20%-ით მზარდია უშუალოდ ტურისტულ ბილიკებზე საოჯახო სასტუმრო-სახლების რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება", - აღნიშნა მან. 

გადაცემები

გამოგვყევით