logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სადილი" ოქტომბრიდან საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს

ქართული ტრადიციული კერძების კონსერვების კომპანია "სადილი" ოქტომბერში საექსორტო არეალის გაფართოებას განიხილავს. 

როგორც კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, "სადილი" ამ ეტაპზე ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის, თუმცა მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს მათ შორის: ამერიკასთან, ჩინეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და გალფის ქვეყნებთან. ამჟამად ექსპორტზე ჩვენი წარმოების ძალიან მცირე წილი იყიდება, თუმცა სამომავლოდ გვინდა, რომ ამ მხრივ პროდუქციის 50%  იყოს მიმართული”, - აცხადებს ამიკო კალანდია.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის პროდუქციის ძირითადი ნაწილი ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

"მომხმარებლებს კონსერვების სახით ძირითადად ქართულ ნაციონალურ კერძებს ვთავაზობთ და ასევე მოთუშული ხორცის პროდუქტებს. რამდენიმე კატეგორია გვაქვს როგორც პრემიუმ ხაზი, ისე სტანდარტული და ეკონომ შეფუთვებით. მოთხოვნა  ყოველწლიურად იზრდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე ასორტიმენტის გაზრდას არ ვგეგმავთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - „სადილი“ წარმოების გაზრდას და გაფართოებას განიხილავს,  რისთვისაც როგორც კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი აღნიშნავს, მუშაობა უკვე დაწყებულია.

"ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ მანქანა-დანადგარების განახლებას, არამედ წარმადობის გაზრდასაც. ამჟამად თვეში, დაახლოებით, 120 000 ქილა კონსერვს ვაწარმოებთ, ხოლო გაფართოების შემდეგ ჩვენი წარმადობა თვეში დაახლოებით, 500 000 ქილა იქნება", - აღნიშნა ამიკო კალანდიამ.

ცნობისთვის, „სადილი“ ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა. საწარმო დედოფლისწყაროში სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, სადაც ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებულები. საწარმოო FSSC 22000 - საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ფლობს. ამ ეტაპზე კომპანია 20-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

გამოგვყევით