„ჯერჯერობით, მოკვლევა ახალი დაწყებული გვაქვს, ამიტომ სქემა როგორი იყო და რა შედეგებზე გავალთ, მაგაზე დეტალურად მოგვიანებით შემეძლება საუბარი“, - ასე უპასუხა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერის წამყვანის შეკითხვას, რომელიც სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევის დაწყებას შეეხებოდა.
„ბოლო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობს პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარკვეული პრობლემური საკითხების აღმოჩენას. სწორედ ამ მიზნით მოგვმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტომ. უწყებამ დაინახა, რომ იყო გარკვეული რისკები, განსაკუთრებით რეგიონებში, როდესაც სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ზედამხედველობაში, ძირითადად ერთი და იგივე კომპანიები ფიგურირებდნენ. პირობითად, მაგალითად, იმერეთში ერთი კომპანია, გურიაში - მეორე, სხვა რეგიონებში - სხვა კომპანიები. თვითონ გამოცხადებულ ტენდერებშიც ხშირად იყო ერთი-ორი კომპანია და კონკურენცია ნაკლებად იყო ამ შერჩევის პროცესში. პლუს ამას, სატენდერო ფასი და კომპანიის მიერ მოგებული ტენდერის ფასი, პრაქტიკულად, იყო იდენტური და ეს იყო პირველი გონივრული ეჭვი, რის გამოც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოგვმართა. ამჟამად, იდენტიფიცირებნულია 11 კომპანია და ახლა მიმდინარეობს მოკვლევის პროცესი“, - განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კონკურენციისა და მომხმმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოსთვის მიმართვას საფუძვლად ედო ასევე რეგიონული რწმუნებულებისგან მიღებული შესაბამისი წერილები.
„მათ სურდათ, რომ გაგვერკვია, ხომ არ იყო გარკვეული კოორდინირებული და შეთანხმებული ქმედება, რიგი მუნიციპალიტეტების ჭრილში, იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროცესების განხორციელებაზე აწარმოებენ ზედამხედველობას“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, GCCA-მა სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მომართვა წარმოადგენდა, რომელშიც მითითებული იყო, რომ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შესაბამისობაში არ იყო, ან არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებდა.