logo
Loading data...

"საწვავზე ფასების კლება შეიძლება მეტიც ყოფილიყო, რომ არა ლარის კურსის გაუფასურება"

"საწვავზე ფასების კლება შეიძლება მეტიც ყოფილიყო, რომ არა ლარის კურსის გაუფასურება"

1718354580

ბოლო 1 თვეში, საერთაშორისო ბირჟებზე საწვავზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. ეს ეხება ყველა ტიპის საწვავს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Senta Petroleum-ის დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გლობალურ ბირჟებზე მიმდინარე პროცესების ასახვა ქართულ ბაზარზეც მოხდა. „პირველ რიგში, როგორც ცნობილია, ეს საბითუმო ბაზარს შეეხება ხოლმე და აქ უკვე, საკმაოდ დიდი ცვლილებაა კლების კუთხით. დაახლოებით, 30 თეთრით არის შემცირებული ფასები საწვავზე ბოლო 1-თვიან პერიოდში. ძირითადად, ეს მოხდა რეგულარის ტიპის ბენზინზე. მიუხედავად იმისა, რომ დაბალფასიანი საწვავი ჯერ საკმაო რაოდენობით არ არის შემოსული ქვეყანაში, საბითუმო ბაზარმა რეაგირება მაინც უკვე მისცა, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ იაფფასიანი საწვავის იმპორტი კიდევ მოხდება საქართველოში“, - აღნიშნა ზაალ იაკობიძემ. 

მან საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენების გარდა, რუსეთიდან ბენზინის იმპორტის განახლებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოხსნა, რის გამოც, ქართული ბაზარმა რუსეთიდან საწვავის იმპორტი განაახლა და ამანაც იქონია გავლენა ბენზინის ფასების კლებაზე.

ზაალ იაკობიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ლარის კურსის ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას. „ფასების კლება შეიძლება მეტიც ყოფილიყო, რომ არა ლარის კურსის გაუფასურება ამ პერიოდში. ყველასთვის ცნობილია, რომ ლარის კურსი, დაახლოებით 20 ერთეულით, 2.65-დან - 2.85-მდეა გაზრდილი და ეს საკმაოდ დიდი მოცულობის გაუფასურებაა. ბუნებრივია, საწვავზე ფასების კიდევ უფრო მეტად კლების პროცესს ლარის ეს მდგომარეობა ხელს უშლის“, - განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ Senta Petroleum-ის დამფუძნებელი.

ზაალ იაკობიძე მოლოდინებზეც საუბრობს და აღნიშნავს,  რომ პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა თუ ლარის კურსი არ გამყარდება, საწვავზე ფასების კლების ტენდენცია, სავარაუდოდ, შეჩერდება.

ცნობისთვის, ამჟამად, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 82 დოლარს შეადგენს. 2024 წლის მაისში ნავთობის ფასი თვიურად 7%-ით შემცირდა.

მარი მელიქიშვილი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით