logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შოკოლადის ქვევრებზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა - Mouth melters

კომპანია Mouth melters-ის თანადამფუძნებლის ერეკლე ლოლაძის განცხადებით, შოკოლადის ქვევრებზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მათი მომხმარებლები როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი ვიზიტორები არიან, რომლებიც შოკოლადის ქვევრებს საჩუქრის დატვირთვით ყიდულობენ.

"წელს საახალწლო კორპორატიულ შეკვეთებზე მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ. საერთო ჯამში, ჩვენი გაყიდვების დაახლოებით, 70% კორპორატიულ შეკვეთებზე მოდის, ხოლო დანარჩენი ონლაინ და ღვინის მაღაზიებში იყიდება. ჩვენს საწარმოს, სადაც შოკოლადის ქვევრებს ნატურალური, ბელგიური ნედლეულით ვამზადებთ, დღიურად 1500 ქვევრის გადამუშავების რესურსი აქვს. დღესასწაულების პერიოდში კი, რა თქმა უნდა, წარმადობას ვზრდით“,- აღნიშნა Mouth melters-ის თანადამფუძნებელმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - Mouth melters-ი დეკემბრიდან გაყიდვაში შოკოლადის ფილებს ჩაუშვებს.

"20-ცალიან შეფუთვაში 15 გრამიანი ფილებია მოთავსებული, რომელიც კონკრეტული ყავის კატეგორიისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, საახალწლოდ ჩვენს პროდუქციას შევმატებთ 180 გრამიან 2 სახეობის შოკოლადის ფილას. აღნიშნული, ვფიქრობთ, რომ ძირითადად, HoReCa სექტორში, ონლაინ და კორპორატიულ ნაწილშიც გაიყიდება. აღნიშნული პროექტის ინვესტიცია 10 000 ლარია", - აცხადებს ერეკლე ლოლაძე.

გარდა ამისა, შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელი პროდუქციის ფასის შესაძლო ზრდაზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, გლობალურ ბაზრებზე არსებული გაურკვევლობის გამო, შესაძლოა პროდუქციის ფასი 20-30%-ით გაიზარდოს.

ცნობისთვის, შოკოლადის სახელოსნო საწარმოში, რომელიც სოფელ მისაქციელში მდებარეობს, 6 სახეობის შოკოლადის ქვევრი იწარმოება. პანდემიის პერიოდში შექმნილი სტარტაპი კლასიკურ შავ და რძიან შოკოლადს სხვადასხვა შიგთავსით ამზადებს და მის რეალიზაციას სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

გამოგვყევით